ჩირის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "სკიჯის" თანადამფუძნებლის შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე ნიშურ პროდუქტზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რაზეც მწარმოებელი კომპანიების რაოდენობის ზრდაც მეტყველებს.
ქვეყანაში ჩირის წარმოებისა და რეალიზების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციაზე გურიაში მდებარე წარმოების თანადამფუძნებელმა მაკო ცირეკიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
"წლევანდელ ზაფხულს ადგილზე გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როგორც უცხოელი ისე ქართველი სტუმრების მხრიდან. ქართულ ბაზარზე ჩირი ყოველ წელს უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, ამას ადასტურებს იმ ახალი საწარმოების რიცხვი, რაც 2015 წლიდან დღემდე ბაზარზე გამოჩნდა.
ბევრმა მალევე გაიგო, თუ როგორი მოთხოვნადია ჩირი საზღვარგარეთ და თავიდანვე საექსპორტო წარმოების მასშტაბზე გააკეთეს აქცენტი. ამას ემატება სახელმწიფო პროგრამებისა თუ დონორების აქტიური ჩართულობა რეგიონის განვითარების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად დამატებითი მოტივაციაა. კონკურენცია თავისთავად საინტერესო და აუცილებელიცაა. ჩვენს სფეროში, ყველა ისეთი მწარმოებელი ვართ, ვინც ერთმანეთს გამოცდილებებსა თუ სიახლეებს გულმხურვალედ ვუზიარებთ",- დასძინა მან.
ამასთან, მაკო ცირეკიძემ პროდუქტის ნიშურობაზე გაამახვილა ყურადღება და საცალო ბაზარზე პროდუქტის რეალიზების თავისებურებებზე ისაუბრა.
"სკიჯი" თავისი შინაარსით ძალიან ნიშური პროდუქტია. არაა გათვლილი ფართო მასებზე. ამას მისი წარმადობის მასშტაბიც მოწმობს. ბრენდს ჰყავს ისეთი ერთგული მომხმარებელი, ვისაც კარგად ესმის ნატურალური, ოჯახური, ხელნაკეთი პროდუქტის ფასი და ვინც ეძებს რაღაც განსაკუთრებულს. არსებული ბაზარი მცირე რაოდენობის ადგილობრივი პროდუქტისთვის მზად არ არის. ჩვენ არ გვაქვს იმდენი პროდუქცია, რომ გაყიდვებისთვის დიდი სარეკლამო კამპანიები ვაწარმოოთ და არც ის შეგვიძლია, თაროზე დიდი ხანი იდოს პროდუქტი, არაგონივრულ ფასად. ამიტომაც ვცდილობთ, თავი ავარიდოთ საცალო თუ ქსელურ გაყიდვებს და გავყიდოთ ონლაინ, კორპორაციული და სამომავლოდ ექსპორტის საშუალებით", - დასძინა თანადამფუძნებელმა.
ცნობისთვის: “სკიჯი” 2015 წელს 5000 ლარი ინვესტიციით შეიქმნა და მისი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. კომპანიის ნედლეული 100% ადგილობრივი, გურული, დასავლეთის ხილით მზადდება. ამ ეტაპზე ოჯახის წევრების გარდა კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებულია , როგორც წარმოების, ისე სასტუმრო და გასტრონომიის მიმართულებით. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ადგილზე - სკიჯის სახლში და ონლაინ, ბრენდის სოციალური ქსელების მეშვეობით.