მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბაზარზე ონლაინ ბილეთების პლატფორმა Abaula ამოქმედდება - რას სთავაზობს მომხმარებელს?

აბაულა

ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ონლაინ ბილეთების პლატფორმა Abaula მიმდინარე წელს ამოქმედდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ BM.GE-სთან განაცხადა, ახალი პლატფორმის მიზანი ბილეთების მეორადი შავი ბაზრების აღმოფხვრა და რიგების მართვის პროცესის კომფორტული მართვაა.

ახალი პლატფორმის ინოვაციურობა განპირობებულია იმით, რომ ის ბილეთებს ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ყიდის, რაც თითოეული ბილეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. Abaula-ს, აგრეთვე, აქვს საკუთარი სავაჭრო სივრცე, რომელიც მომხმარებელს ორიგინალი ბილეთების უსაფრთხოდ გადაყიდვას რეგულირებულ ფასად სთავაზობს. ანუ, მომხმარებელს, თავადვე შეეძლება ამათუ იმ ბილეთის პლატფორმაზევე რეალიზება. თუმცა ფასის რეგულირებას პლატფორმა გააკონტროლებს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, პლატფორმაზე განთავსებული იქნება როგორც სპორტული, ასევე საკონცერტო ღონისძიებების ბილეთები. ამასთან, გაბუნია დასძენს, რომ 2025 წლის სეზონზე, მათი პარტნიორები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „იბერია“ და ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ იქნებიან.

„ბილეთების ინდუსტრიაში ხშირია QR თაღლითობა, არაავტორიზებული გადაყიდვები და გადაჭარბებული ფასები მეორად ბილეთებზე, განსაკუთრებით დიდი ღონისძიებების დროს. არსებული გზები მომხმარებლებს აიძულებს გამოიყენონ არაუსაფრთხო შავი ბაზრები ან დაუცველი პლატფორმები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ბილეთების მიწოდებას. ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი შავ ბაზარზე იხდის გადაჭარბებულ ფასს და სანაცვლოდ, ვერ იღებს ნამდვილ ბილეთს, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორები, რეპუტაციის დაკარგვასთან ერთად, გადაყიდული ბილეთებიდან შემოსავალს ვერ იღებენ.

გარდა ამისა, დიდი ღონისძიებების დროს, ბილეთების გაყიდვისას ხშირია მოუწესრიგებელი რიგების პრობლემა, ტექნიკური გაუმართაობა და ზოგჯერ საიტების დროებით გათიშვაც კი. შესაბამისად, ეს პლატფორმა ყველა აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს და მომხმარებლების დიდ ნაკადს გაუმკლავდება, ანუ შეძლებს რიგების უფრო კომფორტულად მართვას. პლატფორმას უნიკალური სავაჭრო სივრცე აქვს, სადაც მომხმარებლებს ბილეთების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ (ეხება მხოლოდ Abaula-ზე შეძენილ ბილეთებს) სპეციალურ, Abaula-ს მიერ რეგულირებულ ფასად. Abaula ამ შემთხვევაში ასრულებს შუალედური პლატფორმის ფუნქციას და უზრუნველყოფს ბილეთების აუთენტურობას და დაცულობას. ამასთან, ეს ორგანიზატორებს სთავაზობს დამატებითი შემოსავლის წყაროს, რადგან ყოველ გადაყიდულ ბილეთზე ისინი მიიღებენ სარგებელს, ხოლო მომხმარებელს არ მოუწევს შეუსაბამოდ მაღალი ფასის გადახდა “, - ამბობს გიორგი გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ქართულ - ესპანური კოლაბორაციითაა შექმნილი და მისი ტექნიკური ჯგუფი მადრიდში ოპერირებს. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მათთან თანამშრომლობა, ამ ჯგუფის სპორტული მიმართულებით მუშაობის დიდმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა, რაც გლობალურ ბაზარზე იშვიათია.

„პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების შემდეგ, მომხმარებელი მაღალი ციფრული ღირებულების მქონდე NFT ბილეთს მიიღებს, სადაც უბრალო QR კოდის ნაცვლად იქნება ღონისძიების ამსახველი ფოტო/ვიდეო, რომელიც მომხმარებელს შეუძლია შეინახოს, გაყიდოს ან უბრალოდ შეაგროვოს“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გარდა ბილეთების უსაფრთხო შეძენისა, პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ სხვადასხვა ბრენდებისგან საინტერესო შეთავაზებებით ისარგებლოს. ამასთან, ბილეთების გაყიდვასთან და გააქტიურებასთან ერთად, აპლიკაციის საშუალებით, ბილეთის მეგობრისთვის პირდაპირ გაგზავნაც შესაძლებელია.

გარდა ამისა, პლატფორმა ორგანიზატორებს აბონემენტების დამატებას სთავაზობს, რაც განსაკუთრებით პოპულარულია სპორტში. მომხმარებელს შეეძლება, რომ მისთვის სასურველ სექტორში კონკრეტული ადგილი სრული ერთი სეზონით (ძირითადად 1 წლით) შეიძინოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილზე სხვა არავინ დაჯდება და ეს ადგილი მათი საკუთრებაა სრული სეზონის განმავლობაში. სეზონური აბონემენტი ორგანიზატორებს აძლევს შესაძლებლობას მომხმარებლები ჩართონ გათამაშებებში და შესთავაზონ სხვა უპირატესობები, როგორიცაა, მატჩის დღეს საჩუქრები ან/და ორგანიზაციის პარტნიორებისგან სხვადასხვა ფასდაკლებები და ბენეფიტები.

რაც შეეხებათ ორგანიზატორებს, მათ საშუალება აქვთ, რომ თავიანთი ღონისძიება გახადონ უფრო მრავალფეროვანი. ბილეთის ყიდვის პროცესში მათ აქვთ შესაძლებლობა მომხმარებლებს შესთავაზონ დამატებითი სერვისები, მაგალითად მერჩის შეძენა, საჭმლის/სასმლის ადგილზე მიტანა და ასევე, გასცენ საჩუქრები ბილეთის მფლობელთათვის.

ინფორმაციისთვის, „გაფა აბაულა“ ბიზნესის პროდუქტია, რომელიც ასევე ფლობს „მაკრონ სპორტს ჰაბს“ საქართველოში და მულტიბრენდულ სპორტულ e-commerce პლატფორმას hubs.ge, რომელიც საქართველოში "მაკრონის", "ადიდასის", "ნაიკის" და "პუმას" პარტნიორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები