„ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობა აკლია,“- ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელმა, ბექა ჯიმშელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნებისთვის ხელშემწყობ პროგრამებს ქმნის და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგულ აქტივობებსაც ახორციელებს, სექტორის პოპულარიზაციისთვის უფრო მეტია საჭირო.
"ისეთი სახის მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაა საჭირო, რომელიც უცხოელს ქართული ღვინის, მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, რადგან როდესაც ადამიანი გამოფენაზე მოვა, მან უკვე იცოდეს ჩვენი ღვინისა და მისი ისტორიის შესახებ.
საქართველოს ქართული ღვინის ისტორიის გამო, ძალიან დიდი უპირატესობა და ხელჩასაჭიდი აქვს. მას დიდი პოტენციალი აქვს, რომ მსოფლიოს ღვინოებს შორის საპატიო ადგილი დაიკავოს. მაგრამ, როდესაც ბაზარზე ღვინოს ვყიდით, საჭიროა რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ღვინის ექსპორტი და რეალიზაცია მოვახდინოთ,"- აცხადებს ჯიმშელაძე.
მისი შეფასებით, მაღალი ხარისხის ღვინის საწარმოებლად, მეღვინეებისთვის ჩარჩოების შემოღებაა საჭირო, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუ ასოცირების ხელშეკრულება ადრე თუ გვიან უზრუნველყოფს. რეგულაციების გამკაცრება კი, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
"ხომ გაგიგიათ, პური მცხობელმა უნდა გამოაცხოს, ხოლო ღვინო მეღვინემ უნდა დააყენოს. ეს ღვინო, აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს.
რეგულაციების შემოღებამ, მოკლევადიან პერიოდში ზოგიერთ მეღვინეზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს, მაგრამ ვფიქრობ, ის მეღვინე წავა, მეღვინეობის კურსებს გაივლის, კვალიფიკაციას აიმაღლებს და მარანში კარგ ღვინოს დააყენებს,"- აცხადებს მეღვინეობის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ღვინოს სთავაზობს, ბრენდი ექსპორტზე 2019 წელს გავიდა და მას შემდეგ, მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. მეღვინეობაში წელიწადში 20000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა ხდება, თუმცა „ველინო“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს.