2024 წლის იანვარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარით შემცირდა და მან 78.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, კლების ძირითადი მიზეზი გახდა საბანკო კრედიტების 900 მილიონი ლარით შემცირება, რამაც იანვრის ბოლოს 51.9 მილიარდი ლარი შეაგინა. კრედიტების შემცირებასთან ერთად 623 მილიონი ლარით შემცირდა განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობაც და მან 10.1 მილიარდი ლარი შეადგინა. შესაბამისად ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით საბანკო აქტივების ზომამ იკლო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში წინა თვესთან შედარებით საბანკო აქტივების შემცირება სულ 4-ჯერ დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მკვეთრი შემცირება იყო 2023 წლის იანვარში, როდესაც აქტივები 2.6 მილიარდი ლარით,67.7 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
ამ კლების მიუხედავად, ერთწლიან ჭრილში ქართული ბანკების აქტივების ზომა 10.9 მილიარდი ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი.
არსებული მდგომარეობით საქართველოში სულ 17 კომერციული ბანკი არის რეგისტრირებული, თუმცა მათგან ოპერირების რეჟიმში 15 ბანკი იმყოფება, შესაბამისად აღნიშნული მონაცემებიც 15 ბანკის ჯამურ მაჩვენებელს წარმოადგენს. საბანკო სექტორის კაპიტალი 12.3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.6 პროცენტია.