„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, კარგი იქნებოდა, ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შესახებ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი მომზადებულიყო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული თემა „ქართული ბანკებისთვის გარკვეული თავის ტკივილი იქნება“.
- შეიძლება, „პროკრედიტ ბანკს“ ოფშორებში აქტივების მფლობელი ბევრი კლიენტი არ ჰყავს, მაგრამ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენად შეიცავს გარკვეულ რისკებს საბანკო სექტორისთვის და არის თუ არა ახალი თავის ტკივილი ბანკებისთვის?
- „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ არის ჰოლდინგის ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს რეგულაციებს, არამედ ჰოლდინგის რეგულაციებს ვექვემდებარებით, რომელიც, რაღაც თვალსაზრისით, კიდევ უფრო მკაცრია, ამიტომ როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილს, ისე ამ საკითხს, ჰოლდინგის რეგულაციები ფარავს. ნებისმიერი ტრანზაქცია, საბოლოო ჯამში, ექვემდებარება შესაბამის შემოწმებას, მათ შორის AML-თან მიმართებით. განსაკუთრებით ეს ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან, ე.წ. ოფშორებიდან წამოსულ შემოდინებებს. შესაბამისად, ეს კანონი პრობლემური შეიძლება გახდეს სწორედ ამ კუთხით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ სამყაროში არ არსებობს განყენებული საბანკო სისტემა - საბოლოო ჯამში, ჩვენ ინტეგრირებული ვართ მსოფლიო ფინანსურ სისტემაში და ამ უკანასკნელის მკაცრ მოთხოვნებს ვექვემდებარებით. შეიძლება, შემცირდეს საბანკო გადარიცხვების ეფექტიანობა, არსებობს რეპუტაციული ზიანის რისკი. მოკლედ, ბანკებს გარკვეული თავის ტკივილი ექნებათ ასეთი ტრანზაქციების შემოწმებისთვის და ეს ისეთი თემაა, რომელსაც ვერცერთი ბანკი, რომელიც მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილია, ვერ უგულებელყოფს. დიახ, იქნება დამატებითი თავის ტკივილი.
- რა კითხვები აქვს თავად ეკონომისტ გიორგი ბაქრაძეს ოფშორებიდან აქტივების გამოტანის გამარტივებაზე?
- ზოგადად, არ მინახავს და საინტერესოა, არსებობს თუ არა რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA) ამ თემაზე?
- არა... ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ისიც კი არ იცოდა, ვისი იდეა იყო საგადასახადო შეღავათების შემოღება...
- არც რისკების ანალიზი მინახავს, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება; როგორც ჩანს, არც ეს გაკეთებულა და ეს ცალკე პრობლემაა.
- კანონი ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია. დაველოდოთ, პრაქტიკაში რა ეფექტი ექნება.