„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ამჟამად ქართულ საბანკო სისტემაში გვაქვს, კონცენტრაციაა. „ეს არის პრობლემა. ძალიან რთულია კონკურენციის გაწევა, როდესაც კონკურენტ ბანკებს მთელი ფინანსური სისტემის 35% და 40% აქვთ“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
"საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში TOP-2 ბანკის ბაზრის წილის მიხედვით, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ყველა დანარჩენი ბანკისთვის და ზოგადად, საბანკო სექტორისთვისაც”, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
მისივე შეფასებით, საბანკო სისტემაში მაღალი კონცენტრაცია მოცემულობაა და მასთან გამკლავება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციებითაა შესაძლებელი. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველს მიაჩნია, რომ კონცენტრაციის შესამცირებლად აუცილებელია, გარკვეული რეგულაციების გამკაცრება.
„სებ-ი ყოველთვის რეგულაციების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე, არსებობს გარკვეული რეგულაციები - როგორც ე.წ. სისტემური ბუფერი ან კონცენტრაციის ბუფერი - რომლებიც რაღაც კუთხით უპირატესობას აძლევს პატარა ბანკებს დიდებთან შედარებით, თუმცა ფაქტია, ეს არაა საკმარისი და საჭიროა, მიდგომა იყოს უფრო დიფერენცირებული; თუ გვინდა და სებ-საც უნდა კონცენტრაციის შემცირება, რეგულაციები უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ბანკების წინააღმდეგ მიმართული, არამედ პატარა ბანკების დასახმარებლად მიმართული.
სრულიად ბუნებრივია, რომ დიდი ბანკებისთვის გაცილებით მარტივია კლიენტების მოზიდვა, ვიდრე პატარებისთვის - მასშტაბის ეკონომია მუშაობს. დიდი ბანკებისთვის უფრო მარტივია, ასევე, კვალიფიციური კადრების მოზიდვაც - პატარა ბანკებს უწევთ უფრო მაღალი ხელფასის შეთავაზება, რადგან მსხვილ ბანკში მუშაობას რაღაც კუთხით უფრო მაღალი პრესტიჟიც მოჰყვება.
შესაბამისად, პატარა ბანკები ერთდროულად მრავალი კუთხით წამგებიან პოზიციაში არიან. თავის მხრივ, ეს კიდევ უფრო უადვილებს საქმეს მსხვილ ბანკებს და შემდგომი გამსხვილების სტიმულს და შესაძლებლობას აძლევს. ცხადია, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ეს პროცესი, თუნდაც რეგულაციებით, შებრუნდეს, მით უმეტეს მოკლევადიან პერიოდში; თუმცა არსებული რეგულაციების გარკვეული გამკაცრება და დამატებითი რეგულაციების დაწესება, რომლებიც სწორედ პატარა ბანკებს შეუწყობს ზრდაში ხელს, მგონი, რომ აუცილებელია, საბანკო სექტორში კონკურენტარიანობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.