ჩანთებისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი ქართული ბრენდი 0711 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, და ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებში ბრენდის კოლექციები სინგაპურში მდებარე შოურუმშია წარმოდგენილი.
"0711"-ის თანადამფუძნებელი თებეა რუსაძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ ბრენდი ჩინეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და სინგაპურიც სწორედ ამ მიზნით შეირჩა. ამასთან მისივე თქმით, მათი კოლექციებით ღონისძიებაზე ახალი მყიდველებიც დაინტერესდნენ და ახლო მომავალში მასშტაბურ შეკვეთებს ელოდებიან. ამ ეტაპისთვის კი ბრენდი ახალ სააგენტოებთან და შემსყიდველებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„0711-ის ახალი კოლექციით ძალიან ბევრი „ბაიერი“ დაინტერესდა, დიდი გამოხმაურება ინფლუენსერებსა და პრესის წარმომადგენლებშიც დაიმსახურა, განსაკუთრებით მოეწონათ ის ფაქტი, რომ ბრენდი ტრადიციულ ხელსაქმეს, ქსოვას აქტიურად იყენებს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ უკუკავშირს და სიახლეს ველით, ვინაიდან კოლექცია სინგაპურის შოურუმში სამი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი“ - აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, "0711"-მა რამდენიმე თვის წინ სატესტოდ კაბებისა და ე.წ „loungewear“ კაფსულა კოლექციებიც გამოუშვა, რომელმაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე მაღალი ინტერესი დაიმსახურა, სწორედ ამიტომ კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, ის ჩანთებისა და აქსესუარების პარალელურად ტანსაცმლის წარმოებასაც გააგრძელებს.




























