მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ცხვარი იმდენად მომგებიანი არაა, რომ ვალუტის რყევას გაუძლოს“ - ბექა გონაშვილი

6400aafa60c5c
თინათინ ნატმელაძე
02.03.23 23:45
1330
„გალფის ქვეყნებიდან ჩვენს პროდუქტზე საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, მაგრამ ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები პრობლემას გვიქმნის“, - ამის შესახებ კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა BM.GE-ს განუცხადა.

მისივე ცნობით, კომპანია ახლახან Gulfood-ის საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდა, სადაც "გალფის" ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება მიიღეს.

„ჩვენი კომპანია ცოცხალი ცხვრის და დაკლული ხორცის ექსპორტს ახორციელებს, ამ პროდუქტით Gulfood-ზე ვიყავით წარმოდგენილი, სადაც გალფის ქვეყნებს ჩვენი პროდუქცია გავაცანით, მსგავსი საერთაშორისო გამოფენები ჩვენი ექსპორტის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან ცოცხალ ცხვარზე აქტივობა შედარებით დაბალი იყო, წელს გვინდა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს და თადარიგი უფრო ადრიდან დავიჭიროთ.

ამ პროცესში მთავარი დაბრკოლება მაინც ტრანსპორტირებაა, არ არსებობს პირდაპირი ამიტომ ახლა მაგალითად ერაყში სახმელეთო გზით გადაზიდვები დავიწყეთ, რაც, ცხადია, დროში იწელება, მაგრამ თუ თვითმფრინავით ერთი სულის გადაყვანა 100 დოლარი ჯდება, სახმელეთო გზით საფასური 50 დოლარია,“ - აცხადებს ბექა გონაშვილი.

რაც შეეხება ევროპის ბაზარს - კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კომპანიებისგან გამოხმაურებას ყოველდღიურად იღებენ, ევროპა ქართულ ცხოველურ პროდუქტებს ბაზარზე არ უშვებს. ფერმერი ასევე აღნიშნავს, რომ საექსპორტო პროცესებთან ერთად მეცხვარეებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების პრობლემა რჩება.

„მართალია, მთავრობამ საძოვრების იჯარით გაცემა დაიწყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ მეცხვარეობის სფეროში უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია დავნერგოთ, რადგან ამ ეტაპზე ქართული ცხვარი იმდენად მომგებიანი არაა, რომ ვალუტის რყევას გაუძლოს, მეცხვარეებს კი მისი ძალიან დაბალ, თითქმის თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდვა უწევთ,“ - განმარტავს გონაშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეშვიდე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი გვიყვება, რომ ქართული ცხვრის ექსპორტში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი თურქული საქონლის დაბალი ფასია, რომელიც ქართულ პროდუქტს საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს.

ინფორმაციისთვის, „აგროქიზიყს“ წარმოებული ხორცის 50% ექსპორტზე გააქვს, რაც შეეხება ცოცხალ ცხვარს, აქ ეს რაოდენობა 70%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები