ტრადიციული პროდუქტების წარმოება-რეალიზაციით დაკავებული კომპანია “ქართული კალათა” გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში საწარმოს გახსნას მომავალ წელს გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ვაკო ელისაბედაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
კომპანიის პირველი საწარმო თბილისში, კაიროს ქუჩაზე მდებარეობს. მისი თანადამფუძნებელი ამბობს, რომ გურიაში ფილიალის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული შეფერხებების გამო, გეგმები დაკორექტირდა და გახსნის თარიღმა მომავალ წელს გადაინაცვლა.
მისივე თქმით, ლანჩხუთში საწარმოს შენობა უკვე აშენებულია, ახლა შიდა სამუშაოებია დარჩენილი, რის შემდეგაც შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობასაც შეიტანენ.
"ლანჩხუთში ჩვენი ახალი საწარმო 3 მლნ ლარის ინვესტიციით გაიხსნება. ეს საინვესტიციო თანხა მიწის შესყიდვას და ობიექტის სრულად მოწყობასაც მოიცავს. საწარმოს ამუშავების შემდეგ კი ვვარაუდობთ, რომ ეტაპობრივად წარმოება უნდა გაოთხმაგდეს” , - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ახალ საწარმოში 15-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება გაყიდვებს, წლიურად 20%-მდე ზრდას ელოდებიან.
"ვვარაუდობთ, რომ გაყიდვებში წლიურად 15-20%-იანი ზრდა გვექნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ადრე, ჩვენს პროდუქციას მხოლოდ ჩვენს გაყიდვის წერტილებში ვყიდით და Duty Free-სთან ვთანამშრომლობდით, ასევე "გუდვილთან". ახლა კი, თანამშრომლობა პატარა მაღაზიებთანაც დავიწყეთ, ძირითადად იმათთან, ვინც ტურისტულ ზონაშია და საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს", - ამბობს ის და დასძენს, რომ ამ დროისათვის "ქართული კალათა" 4 საკუთარ ობიექტს ფლობს და 15-მდე ადგილობრივ მაღაზიასთან თანამშრომლობს.
ინფორმაციისთვის, კომპანია "ქართულ კალათა" ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ამჟამად, კომპანიას მცირე საწარმო აქვს თბილისში და მეორე ფილიალის გახსნა გურიაში იგეგმება. მათი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში და ონლაინ. გარდა ამისა, კომპანიას თბილისში 2 ბრენდული მაღაზია აქვს და ასევე, ბაზარი ორბელიანსა და "გალერია თბილისში" სტენდით არის წარმოდგენილი.
კომპანიის ძირითადი მიმართულება ქართული ტრადიციული პროდუქტების წარმოება-რეალიზაციაა, კერძოდ, "ქართულ კალათას" წარმოება უკავშირდება ტყემალს, აჯიკას, გოზინაყს, ჩურჩხელას, სანელებლებს, ჯემებს, ჩაის, ზეთს და ა.შ. პროდუქტების ნაწილს სხვადასხვა ქართული კომპანია აწარმოებს, თუმცა შეფუთვასა და რეალიზაციას "ქართული კალათა" უზრუნველყოფს.




























