მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კივი სტენდებზე - „ნერგეტამ“ იაპონიაში კივის ექსპორტი გაზარდა

კივი იაპონიაში

ქართული კივის მწარმოებელმა კომპანია „ნერგეტამ“ იაპონიაში კივის ექსპორტი გაზარდა. როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა, კოტე ვეკუამ განუცხადა, მიმდინარე სეზონზე „ნერგეტამ“ იაპონიაში დაახლოებით 160 ტონა კივი გაგზავნა, მაშინ როცა გასულ სეზონზე, საექსპორტო მოცულობამ 40 ტონა შეადგინა. მწარმოებლის თქმით, იაპონურ ბაზარზე მათი პროდუქტისადმი დაინტერესება მზარდია.

„რადგან მოცულობას ვზრდით, იაპონურმა მხარემ უფრო მეტი დრო დაუთმო ქართული კივის პრომოუშენს, ცალკე სტენდიც დადგეს“, - აღნიშნა კოტე ვეკუამ.

ცნობისთვის, ქართული კივის შესახებ სტენდები ტოკიოში არსებულ Itoyokado-ს და Seiyu-ს მაღაზიებშია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ იაპონია „ნერგეტასთვის“ ერთადერთი საექსპორტო ბაზარია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, იაპონიაში იმდენად კარგ ფასს იხდიან ქართულ კივში, რომ სხვა ქვეყნებში გასვლის საჭიროებას ვერ ხედავენ.

„იაპონიაში ექსპორტზე პირველად 2017 წელს გავედით. 2020-2021 წლებში ექსპორტი დიდი მოცულობით ვერ შევძელით, ვინაიდან კივის დაავადებები იყო გავრცელებული. შარშან ვითარებამ გამოსწორება დაიწყო და იმედია, რომ 2024 წელს კიდევ უფრო მეტის ექსპორტს განვახორციელებთ. იაპონიის ბაზრის გარდა, ექსპორტზე არსად გავდივართ, ის არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი და საინტერესო ბაზარი, ვინაიდან იაპონიაში უკეთესი ფასია“, - აღნიშნა კოტე ვეკუამ bm.ge-სთან ინტერვიუში.

მეწარმემ წითელი ზღვის კრიზისის ეფექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მათი პროდუქტი იაპონიაში 60 დღის ნაცვლად 85 დღე მიდიოდა.

„წითელი ზღვის კრიზისის გამო, გაგზავნილმა კივმა აფრიკას შემოუარა და იაპონიაში მაინც უვნებლად ჩავიდა. ეს ჩვენი პროდუქტის ხარისხზე მეტყველებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ქართული კივის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქართველოდან 390 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2021-2022 წლებში ქვეყნიდან 114-114 ტონა კივი გავიდა. თუმცა კივის ექსპორტის რეკორდი 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ მსოფლიოს ბაზრებზე 410 ტონა კივი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები