ხელისუფლების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერის პროექტები და ცოდნა, რომელსაც საქართველო დასავლეთიდან სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამებით იღებს - აგროკომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების შესრულებას ზიანი მიადგება. საკითხზე კოტე ვეკუამ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ის აცხადებს, რომ ამ შეფასებას პირველ რიგში როგორც მოქალაქე ისე აკეთებს და თვლის, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია.
„პირველ რიგში არასასიამოვნო ქვეყანა გავხდებით, იმის გამო რომ ეს კანონი მოქმედებს, თუნდაც ის არ სრულდებოდეს. მეორე არ არსებობს არანაირი ბიზნესი ცალკე.
ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ესენი რომ არ იყვნენ ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა, ამათ გარეშე მთავრობები მოსახლეობის წინაშე ნაკლებად ანგარიშვალდებულად იგრძნობდნენ თავს. ანგარიშვალდებულების ფონს უბრალო მოქალაქეები ვერ შეჰქმნია, ამას ქმნიან პროფესიონალურად დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მაგალითისთვის x+y=z, x და y რომ გამოვაცალოთ, იქ z-ის ადგილას არანაირი ანგარიშვალდებულება აღარ გვექნება. გამგებელი იქნება თუ მინისტრი ჩვენ წინაშე რომაა ანგარიშვალდებული ამას ჩვენ, როგორც მოქალაქეები ისე უნდა ვგრძნობდეთ, რასაც არასამთავრობოების და მედიის გარეშე ვერ ვიგრძნობთ. ეს კანონი თუ მივიღეთ და ეს ორი მხარე განიარაღდა, ანგარიშვალდებულების ფონს საფრთხე შეექმნება და უსამართლობა მოიმატებს, რაც სექტორების მიხედვით ყველას დააზიანებს“, - განაცხადა ვეკუამ.
მეწარმე, რომელიც კივის ბაღებს ათწლეულებია მართავს აცხადებს, რომ „ნერგეტას“ დონორების ხელშემწყობი პროგრამებით არაერთხელ უსარგებლია. ის ამბობს, რომ მცირე კომპანიებს მაგალითისთვის წარმადობის გასაზრდელად ყველა კვლევის საკუთარი რესურსით ჩატარება არ შეუძლიათ და ამგვარი პროექტები მათ განვითარებაში ეხმარებათ.
„ობიექტურობისთვის ვიტყვი რომ „ნერგეტას“ აგროკრედიტითაც უსარგებლია და გავისტუმრეთ. კერძო სექტორს ყველაფრის თავისით გაკეთება არ შეუძლია და ამიტომ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა პროგრამებში. „ნერგეტა“ რამდენიმე წელია ებრძვის კივის დაავადებებს, რომლის დადგენაზე იტალიაში სამწლიანი კვლევა ჩატარდა გრანტებით და 300 000 ევრო დახარჯეს. ჩვენ - ერთ კომპანიას ამის საშუალება არ გვაქვს. ასეთი კვლევები ჩვენთან არ ტარდება და გვიწევს უცხოელ ექსპერტებს მივმართოთ. ჩვენ ვიცნობდით იმ ლაბორატორიას, გავიგეთ, რომელი პრეპარატები შველის ამ დაავადებას და ვაპირებთ ამის გამოყენებას. ჩვენს გარდა მცირე ფერმერებიც არიან, რომლებიც იქ ვერ წავლენ, რის გამოც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ან დონორმა უნდა ჩამოიყვანოს ეს სპეციალისტები და შეავსოს ეს დანაკლისი, მათ შორის არის USAID, ENPARD-ის პროგრამა.
ჩვენ სამჯერ ვისარგებლეთ დონორების ხელშეწყობით ერთხელ ხელოვნური დამტვერვისთვის სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ და ა.შ. ეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხელოვნური დამტვერვის გამო მოსავლიანობაში, ხელოვნური კივის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეთ ორგანიზაციებს უცხოური ძალის გავლენის სტატუსს რომ მივანიჭებთ ეს ხომ ძალიან არასასიამოვნო იქნება, ან რატომ, რისთვის?!“, - აცხადებს „ნერგეტას“ თანადამფუძნებელი და დასძენს: „ევროპა და ამერიკა ჩვენი მოწინააღმდეგეები არ არიან. შეიძლება იქაც არ მოგვწონდეს რაღაცები, მაგრამ იქიდან მოდის ცოდნა არამხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ იგივე დემოკრატიის ნაწილში, როგორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა... წესები, ორგანიზება... ისინი ამ ყველაფერს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის აკეთებენ და ამ საქმეს რატომ უნდა დავუპირისპირდეთ?“