ქართული კივის მწარმოებელი კომპანია „ნერგეტას“ დამფუძნებელი, კოტე ვეკუა ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს შორის დაავადებებთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოცდილების ნაკლებობას და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.
როგორც ვეკუა bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ქართული კივი მსოფლიოში „ყველაზე ტკბილია და ახალზელანდიურსაც კი სჯობია“. უბრალოდ, მისივე თქმით, საქართველოში ჯერ მის წარმოებასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება არ არის დაგროვილი.
„რთულია წინასწარ გაიგო ყველა დაავადება, რა შეიძლება გაჩნდეს პლანტაციაში. ასე გვიწევს თან მუშაობა და თან ახალ-ახალ პრობლემებთან გამკლავება. ეს გვიშლის ხელს წარმადობის მაქსიმალურად გაზრდაში. მაგრამ უცხოელი კოლეგები გვიზიარებენ გამოცდილებას, ჩვენც ვუზიარებთ და ასე ვსწავლობთ ნელ-ნელა როგორ გავუმკლავდეთ დაავადებებს“, - აღნიშნა კოტე ვეკუამ.
სწორედ გამოცდილების ნაკლებობაა იმის მიზეზიც, რის გამო მცირე ფერმერებისგან პროდუქტს ვერ იბარებენ. ამიტომაც „ნერგეტა“ მოსავალს, ძირითადად, სამეგრელოში გაშენებული საკუთარი პლანტაციებიდან იღებს.
„მცირე ფერმერისგან 100 კილო კივი რომ იყიდო, საექსპორტო ზომა იქნება მაქსიმუმ 10%. შესაბამისად, 100 ტონა რომ ექსპორტზე გააგზავნო, მათგან 1000 ტონა უნდა იყიდო. ამ მოცულობის კივი კი საქართველოში არ არის. ბოლო წლებში, სამეგრელოსა და გურიაში კივის წარმოება ხალხმა თითქმის მიატოვა. ჯერ გადაერთვნენ თხილზე, შემდეგ მოცვზე, დაფნაზე და ა.შ. 15 წლის წინ, საქართველოში 300 კილო კივი რომ იყო, წელს შეიძლება 100 კილოც ვერ იყიდო“, - აღნიშნა „ნერგეტას“ დამფუძნებელმა.
კივის მწარმოებელი გამოწვევებს შორის ტრანსპორტირების ხანგრძლივობასაც ასახელებს.
„რადგან საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, აქ დიდი გემები ვერ შემოდის. საქართველოდან პირდაპირ იაპონია/ჩინეთისკენ რომ მიდიოდეს, ეგეთი დიდი გემები არ შემოდის. ჩვენი კონტეინერები მიდის ჯერ სტამბოლში, შემდეგ სინგაპურში და ბოლოს იაპონიაში. ეს პროცესი კი დიდ დროს მოითხოვს. ამასთან, ყოველთვის არის საშიშროება, რომ კონტეინერში რამე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, და კივი გზაში გაფუჭდეს. ამიტომ ესეც რისკია“, - განაცხადა კოტე ვეკუამ.
მეწარმემ წითელი ზღვის კრიზისის ეფექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მათი პროდუქტი იაპონიაში 60 დღის ნაცვლად 85 დღე მიდიოდა.
„წითელი ზღვის კრიზისის გამო, გაგზავნილმა კივმა აფრიკას შემოუარა და იაპონიაში მაინც უვნებლად ჩავიდა. ეს ჩვენი პროდუქტის ხარისხიანობაზე მეტყველებს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ქართული კივის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქართველოდან 390 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2021-2022 წლებში ქვეყნიდან 114-114 ტონა კივი გავიდა. თუმცა კივის ექსპორტის რეკორდი 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ მსოფლიოს ბაზრებზე 410 ტონა კივი გაყიდა.