მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ნუში და კაკალი წელს ექსპორტზე გავა - ასოციაცია

6184e7480c6e6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.21 12:15
1710
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელ ლაშა ჯუღელის განცხადებით, მიმდინარე წელს დარგის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 500 ტონა მოსავალი მიიღეს.

ლაშა ჯუღელის განმარტებით, ნუშისა და კაკლის ბაღები ქვეყანაში ძირითადად სახელმწიფოს ხელშეწყობით შენდება. მისივე ინფორმაციით, ისინი მსხმოიარობაში სრულად მომავალი წლიდან შევა, თუმცა ამის მიუხედავად, წელს მიღებული მოსავლიდან მცირე მოცულებები რამდენიმე ქვეყანაში გაიგზავნება.

„სწორება გვაქვს ევროკავშირის ბაზარსა და გალფის ქვეყნებზე. ასოციაციამ USAID-ის, სხვა დონორი ორგანიზაციების და სახელმწიფოს მონაწილეობით დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც საექსპორტო ბაზრებსაც განსაზღვრავს. ნუში და კაკალი გლობალური პროდუქტებია. მსოფლიოში ამ პროდუქტის დომინანტი მწარმოებლები აშშ, ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები არიან. სწორედ ისინი იქნებიან ჩვენი კონკურენტები“, - აღნიშნა ჯუღელმა.

მისი თქმით, კაკლისა და ნუშის ფასებს მსოფლიოში ძირითადად დომინანტ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, კლიმატური პირობები და მოთხოვნა განსაზღვრავს, თუმცა ფასები ძირითადად სტაბილურია. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ასოციაციის თანადამფუძნებლის თქმით, ქვეყანაში კაკლის იმპორტი შემცირებულია, შესაბამისად, ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის ღირებულება მაღალია.

„ადგილობრივ ბაზარზე კაკლის იმპორტი შემცირდა, მაგრამ ეს სხვადასხვა პროდუქტებზეა საუბარი. კაკალი ძირითადად შემოდიოდა შუა აზიის ქვეყნებიდან და უკრაინიდან, რომელიც იქაური, ადგილობრივი ჯიშები იყო და მსოფლიო სტანდარტის ჯიშების ხარისხს არ შეესაბამებოდა, როგორიცაა „ჩენდლერი“, „ჰოვარდი“ და „ლარა“. ამ კაკლის ფასი უფრო დაბალია საერთაშორისო სტანდარტების ჯიშების ფასზე. ხოლო ქართული წარმოების თითქმის 98% „ჩანდლერის“ ჯიშია და ის ხარისხობრივად იმპორტირებულ ჯიშებს სჯობს“, - აღნიშნა ჯუღელმა.

მან ქვეყანაში კაკლისა და ნუშის წარმოების მიმართულებით არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავარი გამოწვევა მეწარმეების განათლებაა.

„საქართველოში ამ დარგში ძალიან ბევრი გამოწვევა, მათგან უმთავრესი კი ცოდნაა. ასოციაცია მიმართულია, რომ მოხდეს დარგის ღირებულებათა ჯაჭვის გაერთიანება, იმისთვის, რომ მეტი ცოდნა შევიძინოთ და დარგის წარმომადგენლებს დავეხმაროთ. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს აშშ-ში მეცნიერებთან, რათა არსებული ინფორმაციის გაცვლა მოხდეს და მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ამისთვის ვაპირებთ სპეციალისტების ჩამოყვანას და სხვადასხვა მიმართულებით ბაზრის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევას“, - განმარტა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა და დღეისათვის, მასში 30-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული; ასოციაციასთან 800-მდე მწარმოებელი თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები