„ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ აგრძელებს "ქართული ოცნება" კონსტიტუციურ დამოუკიდებელ ორგანოებზე, მათ შორის ეროვნულ ბანკზე, გავლენის გაძლიერებას“, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით ცვლილების შეტანას, რომელიც პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შექმნას გულისხმობს.
მისივე ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ რაღაც დროით ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშე დარჩეს და სწორედ ამ სიტუაციის დარეგულირებას ემსახურება ეს ცვლილება.
„პირველ რიგში გაუგებარია რაში სჭირდება სუფთად ბიუროკრატიულ საკითხს დაჩქარებული წესი, თუ იქ რეალურად არსებობს პირველი ვიცეპრეზიდენტის შტატის შემოღების აუცილებლობა და ამ შტატზე რაიმე მიმართულების ზედამხედველობის ჩაბარება, აქამდე სად იყო ეს ცვლილება და რატომ არ მომზადდა.
აქ საქმე გვაქვს ერთადერთ რამესთან, როგორც ჩანს, ოცნება განიხილავს, რომ იმ გარემოში, სადაც ძალიან დიდია სხვადასხვა მხარის გაწეული ლობი პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ, შეიძლება ვერ მოახერხონ შეთანხმებამდე მისვლა და რაღაც საკითხით ეროვნული ბანკი დარჩეს პრეზიდენტის გარეშე, ამიტომ სასწრაფო წესით შემოაქვთ ამის დაზღვევის მექანიზმი და შემდეგ უკვე, როცა დალაგდებიან ეს გადაიქცევა გულდაწყვეტილი კანდიდატების დაკმაყოფილების მექანიზმად.
ამ ცვლილებას ინსტიტუციურ განვითარებასთან და დამოუკიდებლობასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მისაღები იქნება ეროვნულ ბანკში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იმ პირების გადასვლა, რომლებიც მანამდე პოლიტიკური ფიგურები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, დეპუტატი პასუხობს, რომ რაც უფრო შორს იქნებიან ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები მსგავსი მმართველი საბჭოებისგან, ეს მით უფრო გააუმჯობესებს ინსტიტუტის დამოუკიდებლობას.