"ქართული ოცნება" თავს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს - ამ სიტყვებით მიმართა ნანა მალაშხიამ, რომელიც ცნობილია, როგორც ქალი ევროკავშირის დროშით, პარლამენტის წინ შეკრებილებს.
მან "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ გაიწვიოს "რუსული კანონი.
"დღეს ხელისუფლება ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს ჩვენზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და მიზანმიმართულად დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი., ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომლებთანაც ხელშეკრულება ამ ხელისუფლებას აქვს გაფორმებული, გვაფრთხილებენ, რომ ეს სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს და სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ევროინტეგრაციისთვის.
ქართული ოცნება დღეს თავს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს, მათ შევახსენებ 78-ე მუხლს, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციაში საქართველო სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
არავინ დგას კონსტიტუციაზე მაღლა, არავინ დგას ხალხზე მაღლა. დღეს ხელისუფლება თვითონ გახდა კიდევ უფრო გამჭვირვალე თავის შინაარსსა და მიზნებში - დღეს არა მარტო კანონია რუსული, დღეს ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება,“ - ამბობს ნანა მალაშხია.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დღეს დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის ფონზე, მიმდინარეობს აქციაც.