2024 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ უნგრული ბიუჯეტური კომპანია Wizz air-ია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო მეორე და მესამე ადგილს თურქული სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish Airlines-ი და ქართული Georgian Airways-ი იკავებენ.
- Wizz Air - 19.1% - 1,208,499
- Turkish Airlines - 7.6% - 480,844
- Georgian A/W - 7.5% - 473,744
- Pegasus Airlines - 7.3% - 460,939
- AZAL - 5.5% - 345,503
ყველაზე მსხვილმა ქართულმა ავიაკომპანიამ გასულ წელს მგზავრების რაოდენობა გააორმაგა, თუმცა რა წილი მოდის რუსეთში ფრენებზე უცნობია. BMG-ის კითხვაზე უკავშირდება რუსეთში ფრენებს მგზავრების გაზრდილ რაოდენობა, ავიაკომპანიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ მგზავრთნაკადის ზრდა “სწორი პოლიტიკის” შედეგია.
“2024 წლის 10 თვის მონაცემებით, Georgian Airways-ის მგზავრთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან. მგზავრთნაკადის ზრდა უკავშირდება კომპანიის განვითარების სწორ პოლიტიკას, მიმართულებების, სიხშირეების ზრდასა და ავიაპარკის გაფართოებას. Georgian Airways-ი ასრულებს რეისებს 12 მიმართულებით. ავიაკომპანია გეგმავს კვლავ გაზარდოს მიმართულებების გეოგრაფია (აზიის მიმართულებით, ჩინეთი და ინდოეთი) და ავიაპარკი გააფართოოს”, - აცხადებენ კომპანიაში.
სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა წლიურად 26%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა.
მგზავრების რაოდენობა წელს სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია. ტრადიციულად 3 622 830 მგზავრით თბილისის აეროპორტი ლიდერობს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მზარდია, ძირითადად ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air-ის დამსახურებით, სამ კვარტალში აეროპორტი თითქმის 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ყველაზე დიდი წლიური ზრდა ბათუმის აეროპორტმა აჩვენა და 753 485 მგზავრი გადაყვანა უზრუნველყო. ამ ეტაპზე საქართველოს აეროპორტებში ჯამში 53 ავიაკომპანია 103 მიმართულებით ოპერირებს.