რა აფერხებს ქართული საიუველირო კომპანიების გაყიდვების ზრდას? აღნიშნულ გამოწვევაზე „ქალების ნარატივში“ ქართული საიუველირო კომპანია „ცვარას“ საოპერაციო მენეჯერმა, მეგი ჩიხრაძემ ისაუბრა.
„ქართულის საიუველირო კომპანიების მთავარ გამოწვევად ბაზარზე იმპორტირებული სამკაულების სიმრავლე რჩება, რაც გაყიდვების ზრდას აფერხებს. ეს 90-იანი წლებიდან დაიწყო. ბაზარი გაივსო იმპორტირებული პროდუქტით, კონკურენცია ძალიან მაღალია ჩვენს სფეროში, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია ის კომპანიები, რომლებიც სამკაულებს და მითუმეტეს ოქროსგან დამზადებულ სამკაულს ადგილზე ქმნის.“ - აღნიშნა მეგი ჩიხრაძემ.
„ცვარა“ პროფესიონალი იუველირების გაერთიანებაა, რომლებიც ძვირფასი ლითონის დამუშავების უძველეს ტექნიკას იკვლევენ, მის თანამედროვე ალტერნატივაზე მუშაობენ და სწორედ ასე ქმნიან სამკაულებს. კოლექციები აერთიანებს ოქროს და ვერცხლის ნაკეთობებს.
„ვერცხლის სამკაულის ხაზში 150 ავთენტური დიზაინი გვაქვს. სამკაულები სრულად ხელნაკეთია და ანტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება. ვიყენებთ ასევე მინანქრის სხვადასხვა ფორმებს.“ - განაცხადა მეგი ჩიხრაძემ.
„ცვარას“ ვერცხლის სამკაულების ფასი იწყება 70 ლარიდან და 1500 ლარს აღწევს, ოქროს სამკაულების ფასი კი 1000 ლარიდან იწყება და 20 000 ლარამდეა.
ქართულმა საიუველირო კომპანია „ცვარამ“ ოპერირება ბაზარზე 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეაში და თბილისის მასშტაბით 2 მაღაზიაში, თუმცა ბრენდი 2024 წლისათვის მაღაზიების გახსნას საქართველოს ორ ქალაქში - ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს.