მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სწრაფი კვების ბრენდი „სითი ჩიქენი“ უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

64a6a3f2e6932
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 18:44
1092
ქართული ე.წ fast food ბრენდი „სითი ჩიქენი“ საზღვრებს მიღმა გასვლას აპირებს. როგორც BMG-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა გელაშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად გათვლა რეგიონის ქვეყნებზე აქვთ, ხოლო შემდეგ უფრო შორეულ ბაზრებზეც ფიქრობენ.

როგორც გელაშვილი ამბობს, კომპანიის დაარსების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქართული სწრაფი კვების ბრენდის საერთაშორისო კომპანიად გადაქცევა იყო. ამისთვის „სითი ჩიქენი“ ფრანჩაიზინგის ბიზნეს-მოდელზე გადასვლას გეგმავს.

„ჩვენი სურვილია, რომ უკვე გამართული და გამზადებული ბიზნესპროცესები შევთავაზოთ ფრანჩაიზინგის მსურველ აპლიკანტებს.

მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დაგეგმილი გვაქვს გავიდეთ მეზობელი ქვეყნების ბაზარზე, რაც უკვე რეგიონული კომპანიის სტატუსს მოგვანიჭებს. გაყიდული ფრანჩაიზები ქართულ ეკონომიკაში ჩაასხამს თანხებს. ლოიალობის გადასახადი, რასაც უცხოური ფრანჩიაზის მფლობელები გადაიხდიან, ჩვენს ქვეყანაში შემოვა და ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს.

ხოლო მას შემდეგ, რაც რეგიონულ ბაზარზე გავალთ, ვფიქრობთ, რომ უახლესი გეოგრაფიული არეალები ავითვისოთ, მათ შორის ევროპის ქვეყნები - ბრიტანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი ძალიან გვაინტერესებს, ვინაიდან ამ ტიპის ბიზნესები იქ განვითარებულია და ვფიქრობთ, ჩვენც შევძლებთ ჩვენი ნიშის დაჭერას“, - აღნიშნა „სითი ჩიქენის“ დამფუძნებელმა.

„სითი ჩიქენი“ ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით სამი წელია ოპერირებს, თუმცა, კომპანია 2019 წელს შეიქმნა. პანდემიამ დამწყები ბიზნესის შეფერხება გამოიწვია, მიუხედავად ამისა, "სითი ჩიქენს" ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ორი რესტორანი აქვს და მომხმარებელს შემწვარ, ხრაშუნა ქათმის ბარკლებს, ფრთებს, როლებსა და სხვა პროდუქტს სთავაზობს.

„ზოგადად მსოფლიოში მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტები ღირსეულ კონკურენციას უწევენ საერთაშორისო ბრენდებს. ამ მიმართულებით ჩვენს ბაზარზე არ არსებობდა კომპანია, რომელიც გიგანტურ ბრენდებთან კონკურენციაში შევიდოდა, და მეორე მხრივ, მომხმარებლისთვის შეძლებდა შეეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც მათ როგორც გემოვნურ, ასევე ემოციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ამ ფაქტორების ანალიზმა დაგვანახა შესაძლებლობა - გაგვეკეთებინა ქართული ბრენდი“, - აღნიშნა ზაზა გელაშვილმა და დასძინა, რომ "სითი ჩიქენის" მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. მისივე თქმით, მათი ძირითადი მომხმარებლებლი უცხოელი სტუდენტები არიან. 

რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, "სითი ჩიქენი" ამ დროისთვის დაახლოებით 40 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები