Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ქართული თხილის ექსპორტის ხარისხს მიწოდების არაეფექტური ჯაჭვი აუარესებს.
სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნებია, ხოლო ექსპორტის წლიური დინამიკა წარმოებას დაგვიანებით მიუყვება, რადგან მოსავალი აგვისტოში იკრიფება და შემდეგი წლის აგვისტომდე ექსპორტირდება.
მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ თხილის ექსპორტისას მიწოდების ოპტიმალური ჯაჭვი უნდა მოიცავდეს: მწარმოებელს, საჭრობ და საწყობ ცენტრს, ფაბრიკას, შუამავალს და ევროკავშირის მაღაზიას. თუმცა საქართველოში მიწოდების გავრცელებული ჯაჭვი - საოჯახო მწარმოებელს, ინდივიდუალურ შემგროვებელს და მხოლოდ ამის შემდეგ ფაბრიკას, შუამავალს და ევროკავშირის მაღაზიას მოიცავს.
„ევროკავშირს აქვს მკაცრი უსაფრთხოების ნორმები სასურსათო საქონელზე. ქართულ თხილს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები ამ საკითხში, ნორმაზე მაღალი აფლატოქსინების შედეგად. ეს უკავშირდება ნერგების არასწორ მოვლას და არაეფექტურ მიწოდების ჯაჭვს. თხილის სექტორში ფრაგმენტირებულია როგორც წარმოება, ისე შენახვა. მწარმოებელი პროდუქტს აძლევს ინდივიდუალურ შემგროვებელს, რომელიც არალაბორატორიულად აფასებს მის პროდუქტს. შემდეგ შემგროვებელი თხილს აწვდის ინდივიდუალურ გადამმუშავებელს, რომელიც სარდაფის ტიპის საწყობებში ინახავს პროდუქტს და ჰიგიენური წესების დარღვევით ამუშავებს, რაც იწვევს სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის ჭარბ აფლატოქსინებს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში ქართული თხილის ექსპორტირებისას ხარისხის გაუარესების ფაქტორებს.
მათივე ცნობით, ევროპაში თხილი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალ ფასად იყიდება.
საქართველოდან თხილის ექსპორტის ნახევარი ევროკავშირში გადის. მაგალითისთვის, 2023 წელს თხილის ექსპორტის 56.9% ევროპაში გავიდა.
ამასთან, ევროკავშირში გატანილი თხილის ფასი საშუალოდ 6.2%-ით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ბაზრებზე. მიმოხილვის ავტორები ქართული თხილის მაღალი ფასისთვის აუცილებელ ფაქტორებზე საუბრობენ: „ევროკავშირის მიმართულებით თხილის ექსპორტის ზრდისთვის აუცილებელია სტაბილურად მაღალი ხარისხი, რომელიც კიდევ უფრო მაღალ საექსპორტო შემოსავლებს დააგენერირებს. ზოგადად, თხილის ფასს სხვადასხვა ბაზარზე მისი საბოლოო დანიშნულება განაპირობებს - უფრო მაღალი ფასი აქვს საცალო პროდუქტს, ვიდრე საწარმოო ინგრედიენტად შესყიდვის შემთხვევაში (მაგალითად შოკოლადის წარმოებისთვის)“.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს ევროკავშირიდან ქართული თხილის 6 პარტია გამოაბრუნეს, 2022 წელს - 8, 2021 წელს კი 32.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ წინა წლის მცირე მოსავლის შედეგად 2023 წელს ექსპორტი შემცირდა. ამასთან, ექსპორტის საშუალო ფასი 2023 წელს გაიზარდა (სექტემბრიდან დეკემბრამდე), რაც თურქეთის 2023 წლის აგვისტოში მოსავლის კლებით გამოწვეულ მსოფლიო ფასის მატებას უკავშირდება. ქართული თხილის ფასი მსოფლიო საშუალო ფასებს დაბალი ხარისხის გამო ჩამორჩება.