საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა აცხადებს, რომ 2023 წელს თხილის ექსპორტი რაოდენობრივად 30%-იან, თანხობრივად კი 18%-იან კლებას აჩვენებს.
როგორც ქარდავამ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, სუბსიდირების მიუხედავად, თხილის ხარისხი არ გაუმჯობესებულა, რადგან ფერმერებმა ვაუჩერები სხვა კულტურებისთვის საჭირო წამლობებისთვის გამოიყენეს.
„2023 წლის მოსავალი შედარებით მცირე იყო, აქტიურობა ბაზარზე შემცირებულია. დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული ექსპორტი, თანხობრივად 18%-იანი კლება გვაქვს. ქართული თხილი გადის ექსპორტზე გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ასევე მცირე რაოდენობა სომხეთში და ახალი ბაზარია ჩინეთი. ჩინეთიდან აქტიურობა უფრო მეტად იყო 2022-ში, ვიდრე 2023 თუმცა, მოლოდინები პოზიტიურია. ჩინეთი დიდი ბაზარია და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც.
გაუტეხავი თხილი ახლა ადგილობრივ ბაზარზე 5-8 ლარი ღირს, საერთაშორისოზე 7$-ია. თურქულ თხილთან შედარებით ჩვენი ფასი 0.5-იდან 1 დოლარამდე ნაკლებია“, -აცხადებს ქარდავა.
ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართული თხილის მთავარი პრობლემა ფაროსანა, მთავარი გამოწვევა კი არასათანადო მოვლაა.
„ქართული თხილის ნომერ პირველი მტერი ფაროსანაა, ხოლო გამოწვევაა ის, რომ ფერმერები სათანადოდ ვერ ან არ ახდენენ წამლობას ფაროსანას და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათ დაუფინანსა თხილის მოვლა თითქმის 100%-ით, ეს თანხა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ეფექტური ბრძოლა განეხორციელებინათ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ფერმერებთან ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათ ჰქონდეთ კონტროლი იმ მხრივ, რომ სუბსიდია გამოიყენონ თხილზე. გასულ წელს იყო იმის შემთხვევები, რომ მიღებული ვაუჩერები ფერმერებმა გადაცვალეს აგროტექნიკაში, სხვა პრეპარატებში, რაც სხვა კულტურებში გამოიყენეს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს განკუთვნილია თხილისთვის, უნდა შეიქმნას კონტროლის გარკვეული მექანიზმები.
სამინისტრო საქმის კურსშია, არაერთხელ გვისაუბრია მათთან ამაზე, წლევანდელ სეზონზე საუბარია იმაზე, რომ პროცესი ეფექტურად გაკონტროლდება რაც გაზრდის ხარისხს. ფერმერი იღებს ნაკლებ თხილს და ხარისხის გამო ნაკლებ ფასსაც, ამიტომ შემოსავალი მცირდება. სამეგრელოში 1 ჰა-ზე მოდის 700 კგ თხილი, მაშინ როცა მოვლილ ტერიტორიაზე, იგივე კახეთში 2 ტონაზეა საუბარი. კარგი მოვლის პირობებში ფერმერებს აქვთ საშუალება სამჯერ გაზარდონ მოსავალი.“ - განაცხადა ქარდავამ.