მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების სიმინდის ზეთი "ქარვა" სუპერმარკეტებში 1 წლის დაგვიანებით გამოჩნდა

61f7d3dcd01e0
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.22 22:43
1767
ქართული წარმოების სიმინდის ზეთი "ქარვა" სუპერმარკეტებში 1 წლის დაგვიანებით გამოჩნდა. ამის შესახებ BM.GE-სთან „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი თაბაგარმა ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ „ქარვას“ სიმინდის ზეთი ქართულ ბაზარზე 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამოჩენილიყო, თუმცა იმ პერიოდისთვის სატესტო რეჟიმში მოქმედი საწარმო გარკვეული სირთულეების გამო სრულად დაიხურა და წარმოება მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში აამოქმედა.

აღსანიშნია, რომ პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „დანერგე მომავალის“, „ქართუ ბანკისა“ და კომპანია „ქარვას“ პარტნიორების დაფინანსებით განხორციელდა. ქარხანაში უნრაჩენო წარმოების პროექტის ფარგლებში მეორე საწარმოო ხაზიც იმართებოდა, რომელიც სიმინდის ზეთის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენებით ცხოველებისთვის, ქათმისთვის, თევზისა და ლოკოკინისთვის კომბინირებული საკვების წარმოებას დაიწყებდა. 2 საწარმოს საინვესტიციო ღირებულება ჯამში 8 მლნ ლარს შეადგენდა და კომპანია ამით ხობში 50 ადამიანს დაასაქმებდა.

როგორც ირკვევა, პანდემიამ „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას“ გეგმები 1 წლით გადაავადებინა.

„ხობში სიმინდის ზეთის საწარმო 2020 წლის შემოდგომიდან დავხურეთ, რადგან პანდემიის გამო შეფერხებული მიმოსვლის პირობებში, ექსპერტების ჩამოყვანა ვერ მოვახერხეთ, რომლებსაც ქარხნის ტექნოლოგიურად გამართვა უნდა დაესრულებინათ. ადგილობრივი ძალებითაც ვეცადეთ, თუმცა დახურვა მაინც მოგვიწია. სამი თვეა რაც საწარმო ამოქმედდა, ხოლო მსხვილ სუპერმარკეტებში პრემიუმ სეგმენტის ადგილობრივი წარმოების სიმინდის ზეთი გაყიდვაში 1 თვეა, რაც ჩავუშვით. ახლა ექსპორტზე ვართ ორიენტირებული და გამოძახილების საკმაოდ დიდია“, - განაცხადა გიორგი თაბგარმა.

დღეისთვის სიმინდის ზეთის ქარხანა ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ნედლეულით თვიურად 50 ტონა ზეთს აწარმოებს და ხობში 25 ადამიანს ასაქმებს. ქართული სიმინდის ზეთი „აგროჰაბში“, „კარფურსა" და „გუდვილში“ იყიდება და 1 ლიტრის ღირებულება, დაახლოებით, 14 ლარია. კომპანიაში აცხადებენ, ზეთის წარმოება მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.

„მომარაგების კუთხით საკმაოდ ძლიერი პარტნიორი გვყავს და მარკეტინგულ კამპანიასაც „დიპლომატ ჯორჯია“ მართავს, ჩვენ კი წარმოებული სიმინდის ზეთის ხარისხს უზრუნველვყოფთ, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. ადგილობრივ ბაზარზე კი ეს ნაწილი, იმპორტირებული პროდუქტით არც ისე გაჯერებულია, შესაბამისად, ვთვლით, რომ პოზიციებს მალევე გავიმყარებთ“, - აღნიშნა გიორგი თაბარმა.

კითხვაზე - ქარხნის დახურვამ პროექტის დამფინანსებლებთან უთანხმოება ხომ არ გამოიწვია, კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო „ქართუ ფონდი“ და „საპარტნიორო ფონდი“ ქარხნის დროებით დახურვას გაგებით შეხვდა და გარკვეული ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაც მოხდა.

გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მზესუმზირის ზეთის ქარხნის წარმოების გახსნის განახლებიდან განსხვავებით, სიმინდის ქარხნის შემთხვევაში კომპანიას ოპერირების განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის ჩადება არ მოუწია, რადგან ქარხანა დახურვამდე ამოქმედების ეტაპზე იყო.

ცნობისთვის: „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ" გასული წლის მიწურულს, კახეთში, მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი ქარხანის მუშაობა დამატებითი 300 000 ლარის ინვესტიციით განაახლა, რომელიც ასევე 2020 წლის შემოდგომაზე დაიხურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები