ანალიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიამ დღეს გავრცელებული განცხადებით საბოლოო არჩევანი გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ.
როგორც გია ხუხაშვილმა BMG-ის აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ შესულ ინიციატივაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების შეფასებისას განუცხადა, უკვე ნათელია, რომ საუბარი აზრს მოკლებულია და ქმედებების დროა.
„ამერიკელებმა ამ კანონპროექტის ინიცირებით ტესტი ჩაუტარეს საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა იყო მათი არჩევანი საბოლოოდ, ბუნდოვანება რომ გამქრალიყო. ეს ტესტი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ჩააბარა და მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი. „ქართულმა ოცნებამ“ ამ განცხადებით გააკეთა საბოლოო არჩევანი, გვითხრა, რომ ჩვენ მივდივართ რუსეთში. ისევ მოახდინეს ამერიკელების, ევროპელების დემონიზაცია, შეურაცხმყოფელ ტონში, რომ ვითომ იქიდან ვაჭრობენ, აშანტაჟებენ. სინამდვილეში შანტაჟით თავად იყვნენ დაკავებულები მთელი ეს პერიოდი. საუბრობენ შეურაცხმყოფელ, არარსებულ რევოლუციებზე, მასონებზე აღარაფერს ვიტყვი. ეს ნიშნავს, რომ მათი ვექტორი არის რუსეთი, ორი აზრი აქ აღარ რჩება. თუ აქამდე რაღაც ეჭვებში ვიყავით და კიდევ ვტოვებდით შანსს, რომ ასე არ იყო, დღევანდელ განცხადებაში წავიკითხეთ - გაუმარჯოს რუსეთს. ლაპარაკის დრო დამთავრდა, მოლაპარაკებებსაც არანაირი აზრი არ აქვს. დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ჩამოყალიბდეს, უპირველეს ყოვლისა საჯარო სექტორი, პოლიციელები, მასწავლებლები, ყველა, რა არის მათი არჩევანი, რუსეთის იმპერიაში დაბრუნება თუ ევროპაში სვლა. კონფორმიზმის დრო დამთავრდა, ყველამ უნდა გაიღვიძოს და ვინც არ გაიღვიძებს, უნდა იცოდეს, რომ საკუთარი შვილი გააკრავს ცოტა ხანში სირცხვილის ბოძზე“,- ამბობს გია ხუხაშვილი.
როგორც 20 მაისს გახდა ცნობილი, აშშ საქართველოსთვის სავაჭრო პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას განიხილავს, თუ მთავრობა ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს. ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ოფიციალურ პირებს ასევე ავალდებულებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას.
ამის საპასუხოდ, დღეს გავრცელდა „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება, სადაც წერია, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული“. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „რუსული კანონი“ მათთვის ვაჭრობის საგანი არ არის.