„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა მინისტრად დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დანიშნა.
43 წლის სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. არის ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთ თანამდებობაზე მუშაობდა.
თამაზაშვილმა შს მინისტრის პოსტზე გელა გელაძე ჩაანაცვლა, რომელიც კარიერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აგრძელებს. უკვე ექს სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე კი, ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი ორგანიზაციების კოორდინაციის მინისტრი გახდება. ვინ ჩაანაცვლებს თავად სულხან თამაზაშვილს უცნობია. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ კანდიდატურას რამდენიმე დღეში, პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, დაასახელებენ.
აღსანიშნავია, სულხან თამაზაშვილს სანქციები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა, შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრ გომელაურთან და სპეცრაზმის ხელმძღვანელებთან ერთად.
ამის შემდეგ, სულხან თამაზაშვილი დააწინაურეს და 2025 წლის 4 აპრილს წარუდგინეს საზოგადოებას, თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად. თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე თორნიკე რიჟვაძემ აპრილის დილას ფეისბუკით ამცნო საზოგადოებას. მოგვიანებით მან თვითმკვლელობაც სცადა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მას მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის სტაჟიანი წარმომადგენელი ამ სისტემის. მინდა მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.




























