მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ - ასოციაცია

ხელშეკრულება

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ "რუსული კანონის" მიღებამ და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე აღნიშნავს, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

"ამ ეტაპზე შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. გაუგებარია ისიც, მიჰყვება თუ არა ქვეყანა სანქციების შესრულების ვალდებულებას თუ სურვილს. როდესაც ევროკავშირში საპარტნიორო ურთიერთობაზე გრძელვადიანი [ხელშეკრულება] ფორმდება, შემდეგ შესაძლებელია, რომელიმე კომპანიის მეწილე დასანქცირებული აღმოჩნდეს და მიწოდებას რისკი შეექმნას. ამ რისკებს ითვალისწინებენ", - აცხადებს გვანცა მელაძე.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერეს და ის ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. თანამშრომლობის მნიშვნელოვან სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელმაც 2017 წლიდან ქართულ ბიზნესს ევროპის ბაზარი გაუხსნა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ელიან და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მათი თქმით, არ არის გამორიცხული, საქართველომ ევროკავშირის ბაზარი დაკარგოს.

"ბიზნესისთვის ამ ბაზრის დაკარგვა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურს გავლენას იქონიებს. თუმცა ბაზრის დაკარგვა ძალიან მცირე და პატარა მნიშვნელობის თემაა იმასთან შედარებით, თუ ჩვენი გეოპოლიტიკური კურსი შეიცვლება. [კურსის შეცვლა] პირველ რიგში, ემიგრაციის გაზრდას, სავიზო რეჟიმის საფრთხეს ნიშნავს. რაც მთავარია, მსგავსი ქვეყნები ყოველთვის სანქციების რადარის ქვეშ არიან და არცერთ განვითარებულ ქვეყანაში რისკის თავის თავზე აღება არ უნდათ", - აღნიშნავს გვანცა მელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები