წელს შავი პარასკევი საქართველოში განსხვავებული კონცეფციით მიმდინარეობს. Ბოლო ერთი კვირაა სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლების სიმრავლეა, რადგან ფასდაკლებები რითეილ სექტორის წარმომადგენლებმა ნოემბრის ბოლო პარასკევამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს.
„სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმა შავი პარასკევის იდეა კარგად გაითავისა და მომხმარებლებს რეალური ფასდაკლებები შესთავაზა.
“როგორც წესი ყოველ წელს შავი პარასკევი კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენც ვსწავლობთ და უკეთეს წინადადებებს ვთავაზობთ მომხმარებელს წლევანდელი პარასკევი ამ მხრივ არ იქნება განსხვავებული. ერთი რაც ვისწავლეთ ის იყო, რომ 1 დღის ნაცვლად რამდენიმე დღეზე გადანაწილდა, რაც უფრო მოგებიანია როგორც კომპანიებისთვის ისე მომხმარებლისთვის, რადგან დიდი რაოდენობით ხალხის მოზღვავება მხოლოდ ერთ დღეს არ ხდება.
სულ უფრო ნაკლებად გვესმის ფასდაკლებებთან მიმართულებით პრეტენზიები. ქართველმა რითეილერებმა ალღო აუღეს შავი პარასკევის კონცეფციას და არანაკლებ ფასდაკლებებს სთავაზობენ, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება იმ ფასდაკლებებს, რაც არის იგივე ბრენდებზე ევროპაში.
მით უმეტეს უმეტესობა ბრენდები კამპანიებს გლობალურად არეგულირებს. მაგალითად ZARA -ში და Massimo Dutti -ში რაც არის, ანალოგიური შემოთავაზებებია საქართველოშიც” - ამბობს რეზო მაღალაშვილი.
რითეილ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასდაკლებები, რომელიც უკვე 1 კვირაა მიმდინარეობს უქმე დღეებშიც გაგრძელდება და ბიზნესიც შეძლებს შავი პარასკევის ეფექტი უკვე რიცხვებში დაინახოს.