დღეიდან ქეთევან დუმბაძე სსიპ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე საქმიანობას შეუდგა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ქეთი დუმბაძის დანიშვნის გადაწყვეტილება სსიპ-ის ფორმალურმა მფლობელმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო. უწყების ხელმძღვანელის თეა წულუკიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, დუმბაძე სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას 2023 წლის 4 სექტემბრიდან უნდა შესდგომოდა.
მწერალთა სახლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ქეთევან დუმბაძეს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მომდევნო დღეებში შეუწყდება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ახალი ხელმძღვანელის სამოქმედო გეგმაა წარმოდგენილი.
„როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, ქეთევან დუმბაძეს, როგორც ახალ ხელმძღვანელს, შემუშავებული აქვს მწერალთა სახლის მართვის, ლიტერატურის სფეროს სტიმულირებისა და განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და ამოცანებით. გეგმის მიხედვით, მთავარი ამოცანაა, მწერალთა სახლი, როგორც საზოგადოებისათვის თავისუფალი ლიტერატურული კერა და შეხვედრებისა და იდეათა გაცვლის ადგილი, გახდეს უახლესი შემოქმედებითი მიმდინარეობების პოპულარიზაციის, ინოვაციური პროგრამების, მრავალფეროვანი პროექტების, პარტნიორობის, კონკურსებისა და პრემიების დაარსების, შემოქმედებითი იდეების გაცვლისა და ცოცხალი ლიტერატურული პროცესის წახალისების გარანტი. მწერალთა სახლი ასევე უნდა იყოს გარანტი, რომ ავტორთა პრობლემები და საჭიროებები დროულად იქნება შესწავლილი და გაანალიზებული.
მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის ლიტერატურა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ამისთვის კი უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ემიგრანტებსა და მოწყვლად სეგმენტთან ლიტერატურული პროცესების მეტად დაახლოება მრავალფეროვანი პროექტების საშუალებით. ასევე, უნდა გააქტიურდეს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის პროცესი როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ლიტერატურული პროცესის მხარდაჭერის გაზრდისთვის უნდა გაღრმავდეს მწერალთა სახლის თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან, ხოლო ლიტერატურული მემკვიდრეობის დასაცავად უნდა დაინერგოს სიახლეები“, - ნათქვამია მწერალთა სახლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს მწერალთა სახლი საზოგადოებას შესთავაზებს ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, მასტერკლასებს, ასევე - ქართველი და უცხოელი მწერლების, ლიტერატურის თეორეტიკოსების, კულტუროლოგების ლექციებს, გამოფენებს, თემატურ სიმპოზიუმებსა და სამუშაო შეხვედრებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება მასტერკლასების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ხელშეწყობა მთარგმნელობითი საქმიანობის გასაუმჯობესებლადაც.
საქართველოს მწერალთა სახლის ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ქეთევან დუმბაძის მიერ, რომელიც ოფიციალურად წარედგინა საქართველოს კულტურის სამინისტროს.
ორგანიზაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან 2023 წლის 7 აგვისტომდე ნატა ლომოური იკავებდა. იგი ამ პოზიციაზე ოთხწლიანი ვადით 3-ჯერ დაინიშნა, 7 აგვისტოს კი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლისთვის მწერალთა სახლის სახელმწიფო დაფინანსება 1,977,000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო უწყების ხარჯები 1,959,000 ლარით განისაზღვრება. წელს უწყების სახელფასო ფონდი 488,000 ლარი იქნება. აქამდე, მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, რომელმაც 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მას სამინისტროდან აცნობეს, რომ საქმიანობის “ვადა ეწურებოდა”, ამასთან ლომოურმა აღნიშნა, რომ მწერალთა სახლს კულტურის სამინისტროდან მუდმივად ექმნებოდა სირთულეები.
აგვისტოს დასაწყისში კულტურის მინისტრის მიერ მწერალთა სახლის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ თავად მწერალთა სახლშიც, რის შესახებაც განცხადებაც გაავრცელეს. განცხადების ავტორები „მწერალთა სახლის“ დირექტორის ნატა ლომოურის დამსახურებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის ორგანიზაციაში მისვლა საფრთხეს უქმნის იმ პროექტებს, რომელიც ორგანიზაცია განხორციელდა და დაიგეგმა. ამიტომ „მწერალთა სახლში“ მიიჩნევენ, რომ დირექტორი დარგის პროფესიონალმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.