მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონება ვერ გამოიყენეს და ამორტიზებული შენობების დემონტაჟში 5 მილიონს ხარჯავენ - ირაკლი მელაშვილი მთავრობას აკრიტიკებს

646e45ddd4cec
ალა ისპირიანი
24.05.23 21:30
1041
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 372 ამორტიზებული შენობის დემონტაჟისთვის 5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. განცხადება განსახილველად სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა, რომლის თანხმობის შემთხვევაშიც პროცესი ერთ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე წარიმართება. განცხადებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ გზით საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დანგრევას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტმა ირაკლი მელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ქონება ვერ გამოიყენა და უსამართლოა მათ დანგრევაში ფულის გადახდა.

მისი მოსაზრებით, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემული ქონება მეტად სარგებლიანად მუშაობს, ვიდრე ხელისუფლების ხელში დარჩენილი.

„თუ ვინმე ბიზნესმენს რამის გაკეთება მოუნდება ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალურად უნდა იყოს განწყობილი. ამ როიალის ვერტიკალის შენარჩუნება 20 წელია უკვე არის ამ ქვეყანაში და შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ - 350-ზე მეტი შენობა, რომლის ღირებულება მილიარდ ლარს აღემატებოდა, იმის მაგივრად რომ თვითმმართველობისთვის გადაგვეცა და რაც გაკეთებულიყო ვერც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა, გააფუჭა, გაანადგურა და ახლა 5 მილიონის გადახდა უწევს რომ დაანგრიოს. არცერთი ცენტრალურ ხელისუფლებას ასეთი რამ არ გაუკეთებია. ამის გამო ყველა ეკონომიკის მინისტრი და ყველა პრემიერ-მინისტრი პასუხისგებაშია მისაცემი.

შევხედოთ მუნიციპალიტეტების ხელში და ცენტრალური ხელისუფლების ხელში გადაცემული ქონებები როგორ მდგომარეობაშია - ამას უწევს დანგრევა და მუნიციპალიტეტების ხელში დარჩენილი ფუნქციონირებს, შემოსავალი შემოაქვს“, -განაცხადა მან.

აღნიშნულ საკითხზე, წამყვანმა რესპონდენტს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გაახსენა, სადაც ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ცენტრალური მთავრობის გარეშე მუნიციპალიტეტებს პერსპექტივა არ აქვს და ეს თავის მოტყუებაა, - ირაკლი მელაშვილმა უპასუხა, რომ ღარიბაშვილის ეს სიტყვები მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: „ ეს სიტყვები ადასტურებს, რომ ჩვენ ტოტალიტარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს არის ტოტალიტარი ქვეყნის მმართველის სიტყვები“.

შეგახსენებთ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების ჩართულობით, 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა მომზადდა. დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან ხედვას.

სტრატეგიის მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები