საქართველოში ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვს პირს თუკი წლის განმავლობაში მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გააჩნია დასაბეგრი უძრავი ან მოძრავი ქონება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გადასახადის შესახებ გაავრცელა განცხადება. უწყების ინფორმაციით, დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 2023 წლის 15 ნოემბერს იწურება, ხოლო დეკლარაცია 366,706 პირმა შეავსო. მთლიანად დეკლარირებული თანხა კი 84,489,056 ლარს შეადგენს. ეს ერთი გადამხდელის მხრიდან საშუალოდ 230 ლარის გადასახადს ნიშნავს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, დეკლარირებული გადასახადის მოცულობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.
პარალელურად, საქართველოს მთავრობა ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. საკითხთან დაკავშირებით BMG-სთან კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, რომლის შეფასებითაც დღეს არსებული 40,000 ლარის ზღვარი ქონების გადასახადის გადახდისთვის პრობლემებს ქმნის. მისი განმარტებით, ახალი მოდელით გადასახადი ქონების ზომაზე იქნება დამოკიდებული და არა პირის შემოსავლებზე.
“მთავარი პრინციპი ის არის, რომ გადასახადი არა შემოსავალზე, არამედ ქონების მთლიან ფართობზე იქნება დამოკიდებული. ეს კომპანიებისთვის გაცილების მნიშვნელოვანია და ზოგადად ეკონომიკურად უფრო სწორი მიდგომაა. ამას დეტალურად, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გავიცნობთ, მანამდე უნდა იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები სამინისტროს დონეზე, შემდეგ მთავრობაზე, იქნება საჭირო კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან და ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი, ვფიქრობ, გაზაფხულზე შეგვეძლება“, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახალი რეფორმის მიხედვით ქონების გადასახადი დამოკიდებული იქნება იმ ფართზე, რომელიც კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს ექნებათ.
"ალბათ ღირებულება დადგინდება კონკრეტული ზონების და კვადრატულობის ფასის მიხედვით. დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან საჭიროა შეფასება და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებია გასავლელი.
დღეს რა პრობლემაცაა 40 000-ლარიანი ზღვარია. ეს არ არის სწორი შეფასების მეთოდი, რადგან შესაძლოა, პირს არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში ჰქონდეს შემოსავალი, მეორე მხრივ შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ დიდი ქონების პატრონი იყოს, ამიტომ ქონების გადასახადი სხვა შინაარსის უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.