მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქონების სააგენტოს თავმჯდომარემ საქმიანობის ანგარიში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარა

5fec7b353cc49
თელარა გელანტია
30.12.20 17:46
845
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკისთვის, რომ გაჯანსაღდეს და განვითარდეს".

როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, ეს განცხადება ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა, რომელშიც მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქონების სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიში მედიისთვის ღია არ იყო, განსხვავებით სამინისტროების ანგარიშებისგან. bm.ge-მ ნათია თურნავას უწყებისგან ქონების სააგენტოს საქმიანობის შესახებ წერილობითი დოკუმენტი/პრეზენტაცია გამოითხოვა და ველოდებით.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში კი წერია, რომ 2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. "აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია", - აცხადებს ნათია თურნავა. 

მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროს და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ "პრეზენტაციაზე ქონების სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრივატიზების კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამჟამად უფუნქციო ან ნაკლებად ეფექტური სახელმწიფო ქონების ჩართვას ეკონომიკურ ცხოვრებაში", მაგრამ თავად ინიციატივების შესახებ არაფერი ეწერა. 

„სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ირკვევა, პრეზენტაციაზე, რომელიც გიორგი დუგლაძის უწყებამ სამინისტროს ვიწრო წრისთვის გამართა,  პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა, როგორც მნიშვნელოვანი რეფორმა სახელმწიფო უძრავ - მოძრავი ქონების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განკარგვის მიმართულებით, მაგრამ bm.ge-ისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, რა შედეგი მოიტანა 2 სსიპის გამსხვილებამ უძრავ-მოძრავი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გააქტიურების კუთხით. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი უცვლელი - 166 დარჩა, (ქონების სააგენტო - 75 თანამშრომელი, მომსახურების სააგენტო - 41), ხოლო შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა ორივე სსიპ-ში მხოლოდ 10-ით შემცირდა 310-მდე (ქონების სააგენტო - 198, მომსახურების სააგენტო - 122).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები