მწარმოებლები ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. კომპანია „მაგემეს“ თანადამფუძნებელი, ქეთი დოლიძე ამბობს, რომ პრობლემაა როგორც შეტანა, ისე მათგან თანხის მიღება. საკითხზე მეწარმემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა:
„სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის კუთხით სერიოზული პრობლემაა დიდ ქსელურ მარკეტებთან მიმართებით. დიდი ქსელების მიდგომა არის ის, რომ პატარა კომპანია ან არ შეუშვან, ან გაატაროს მთელი ბიუროკრატია. თუ მეწარმე დაუშვა, მაშინ უკვე გადახდის პრობლემა დგება. ჩვენს შემთხვევაში მეორე ნაწილი უფრო პრობლემატური იყო, რადგან კონსიგნაციით ხდება ისედაც, თუმცა ეს კონსიგნაციის ვადა რომ არასდროს მთავრდება და გიწევს ბევრჯერ დაურეკო, სთხოვო ჩაგირიცხონ თანხა, ეს ძალიან უხერხულია... ესეც გიკარგავს სურვილს. პრობლემის მოგვარება დიდი ბიზნესის ნებაზეა დამოკიდებული. მე მგონია, რომ მათი სოციალური პასუხისმგებლობაა ეს, რომ პატარა კომპანიებს ხელი შეუწყონ და დაეხმარონ. მათი გადასახედიდან ეს თანხები შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა პატარა კომპანიებისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიიღოს თანხა“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.
მისივე თქმით, „მაგემემ“ გამოსავალი ადგილზე მიტანაში იპოვა და რეალიზაციისთვის დიდ ქსელურ მარკეტებს ინტენსიურად აღარ მიმართავს.
„ჩვენს შემთხვევაში ადგილზე მიტანის სერვისი გვაქვს. დიდ ქსელებთან ურთიერთობა მინიმუმამდე დავიყვანეთ და ციფრული გაყიდვების არხი გავაძლიერეთ. თუმცა ეს ყველა კომპანიას არ შეუძლია, ლოგისტიკა ადვილი არ არის. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიდმა ქსელებმა ის პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ, რაც მცირე წარმოებების მიმართ აქვთ“, - განაცხადა დოლიძემ.