მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Qualcomm-ის აქციების ფასი 9%-ით დაეცა - რამ გამოიწვია ინვესტორების უკმაყოფილება?

Qualcomm

მობილური ჩიპების ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Qualcomm-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინებს ყველა მიმართულებით გადააჭარბა.

ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები $12.25 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ნავარაუდებზე $40 მილიონით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს კი 5%-ით აღემატება. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება წმინდა მოგების კუთხითაც.

კერძოდ, თუ 2025 წლის 1-ელ კვარტალში Qualcomm-მა ყველა სხვა ხარჯის გამორიცხვის შემდეგ $2.18 მილიარდი მიიღო, ამჯერად წმინდა მოგებამ $3 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 37.6%-იანი ზრდაა. დადებითი შედეგების ფონზე ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობაც მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და აქციაზე $3.5 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ყველაზე წარმატებულ მიმართულებებს გაყიდვების კუთხით, ამ მხრივ განსაკუთრებული შედეგი ავტომატიზაციის სექტორმა დააფიქსირა, რასაც შემოსავლებმა $1.10 მილიარდს მიაღწია და 15%-ით გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებლებს. Qualcomm-ის კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომუნიკაციების მიმართულებით კი 9%-იანი ზრდა ვიხილეთ. კონკრეტულად, შემოსავლებმა $1.69 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება კომპანიის მთავარ მიმართულებას, 3%-ით, $7.82 მილიარდამდე გაიზარდა ნახევარგამტარების გაყიდვები. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება $230 მილიონით ნაკლები იყო. 2026 წლის პირველ კვარტალში Qualcomm-მა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, მომავალი 3 თვის განმავლობაში კომპანია შემოსავლების კლებას ვარაუდობს. ხელმძღვანელობა მოელის, რომ მე-2 კვარტალში გაყიდვებიდან მიღებული თანხა, საშუალოდ, $10.5 მილიარდი იქნება, რაც $500 მილიონით ჩამორჩება უოლ-სტრიტის ექსპერტების პროგნოზებს. ამის მიზეზად Qualcomm-ში 2 მიზეზს ასახელებენ. უპირველეს ყოვლისა, იმას რომ ტექნოლოგიური კომპანიები ტელეფონების ჩიპებზე მეტად თანხებს მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო AI ჩიპებზე ხარჯავენ და ეს ტენდენცია, მათი შეფასებით, მომავალ კვარტალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე მიზეზს, სახელდება მეხსიერების ბარათების დეფიციტი, რაც უკვე არაერთ ტექნოლოგიურ კომპანიას უქმნის გამოწვევას, მათ შორის, ამერიკულ Qualcomm-ს.

მე-2 კვარტალთან დაკავშირებული შესუსტებული მოლოდინების ფონზე, Qualcomm-ის აქციების ფასი ერთიანად 9%-ით დაეცა და ამჟამად, საშუალოდ, $148 დოლარად ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $159.02 მილიარდამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები