მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი ტურისტებისგან მოთხოვნა არ გვაქვს“ - ტურისტული კომპანია WST-ის მოლოდინები

5ef1ee6433853
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.20 09:45
1733
ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi, რომელიც 15 მარტიდან დღემდე სრულად გაჩერებული იყო, 1 ივლისიდან ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონების მიმართულებით ტურებს შესთავაზებს.

როგორც BM.GE-ისთან საუბარისას კომპანია WST-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე ამბობს, პირველი ეტაპისთვის კომპანია 10%-ით დაიტვირთება. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობიდან შიდა ტურიზმის გახსნის შემდეგ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა არ წამოსულა.

„ადგილობრივი ტურიზმის ამოქმედების შემდეგ რეგიონალური ტურების მიმართულებით ვერ ვიტყვი, რომ მიკროავტობუსების დაქირავებაზე მოთხოვნა გვაქვს, რადგან ბაზარზე იმდენად ბევრია ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომ ჩვენთან ჯერ ამაზე მოთხოვნა არ ყოფილა. ვიყენებთ დროს და ვმუშაობთ რეგიონების მიმართულებით ტურების შედგენაზე, რათა სრული კომფორტით, მისაღებ ფასად მოვემსახუროთ თანამემამულეებს. ვფიქრობთ, 1 ივლისიდან დავიწყებთ ამ შეთავაზებების გაკეთებას, რითაც კომპანიის 10% მაინც დაიტვირთება და დასაქმებულთა ნაწილი შეძლებს, მიიღოს შემოსავალი.

ვიცით, რომ შიდა კრიზისია და შემოსავლები მოკლებულია, ამიტომ შევეცდებით ფასები მისაღები იყოს. ფაქტობრივად, სიარულს თავიდან ვიწყებთ, თუმცა 7-წლიანი გამოცდილებით და მგონია, რომ ფეხზე დადგომას მალე შევძლებთ“, - განმარტა გერმანე ჭელიძემ.

მისი თქმით, განსხვავებული მდგომარეობაა დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ტურებზე. ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ 2-სართულიანი ავტობუსები მხოლოდ საერთაშორისო ტურისტების მიღების შემდეგ ამოქმედდება, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ საზღვრების გაჭიანურების შემთხვევაში, ადგილობრივებს დაწეული ფასებით მოემსახურება აღნიშნული სერვისით.

„ქალაქის შიდა ტურების მიმართულებით ალბათ უფრო სექტემბრიდან ამოქმედდება ჩვენი 2-სართულიანი ავტობუსების ტურები, რადგან ვფიქრობთ, ეს მიმართულება უფრო საერთაშორისო ტურისტებზე არის გათვლილი. ამიტომ ველოდებით სანამ არ გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი. თბილისის შიდა ტურებზე ბილეთის ღირებულება უცხოელებისთვის 50 ლარი, ხოლო ადგილობრივებისთვის 25 ლარი იყო, რადგან ვითვალისწინებდით ჩვენი მაცხოვრებლების მსყიდველუნარიანობას. იმ შემთხვევაში თუ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს გაჩერება, მაშინ შევცვლით მიდგომას და ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო - 10-15 ლარამდე დავაკლებთ ფასებს და ისე ავამოქმედებთ დედაქალაქის დათვალიერების ტურებს“, - აღნიშნა WST-ის დამფუძნებელმა.

გერმანე ჭელიძემ 2-სართულიანი ავტობუსების მომსახურების თავისებურებებზე გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ ამოქმედების შემთხვევაში მუშაობას მხოლოდ ერთი ავტობუსით დაიწყებენ.

"გვყავს 4 ორსართულიანი ავტობუსი, სადაც მოქმედებს აუდიოგიდი. მომხმარებლებს ურიგდებათ ერთჯერადი ყურსასმენები და შესაძლებლობა ეძლევათ, 15 შესაძლო ენიდან აირჩიონ მათთვის სასურველი და იმ ენაზე მიიღონ ინფორმაცია დედაქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ.  ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ან მიმართულების გააქტიურების საწყის ეტაპზე 1 ავტობუსს ავამოქმედებთ და შემდგომ უკვე შევხედავთ როგორი იქნება მოთხოვნა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით როდის ველოდებით ტურისტებს, ეს ფრენების აღდგენაზეა დამოკიდებული და რთულია ამის თქმა. ვიმედოვნებთ, მალე შევძლებთ უცხოელი ტურისტების მიღებას“, - განაცხადა გერმანე ჭელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები