მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქრის“ ქარხანა 1-ელ აპრილს ისევ ამუშავდება

62289f2369dee
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.22 16:36
10328
შაქრის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია „აგარის შაქარი“ 1 აპრილიდან ამუშავდება. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.

ინფორმაციას კომპანია „აგარის შაქრის“ დამფუძნებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ნათბილაძეც ადასტურებს.

აღსანიშნია, რომ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც ნიკოლოზ ნათბილაძეც ესწრებოდა. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროდუქტების მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს.

BM.GE-ს ინფორმაციით, "აგარის შაქრის" ქარხანა მორიგ კონსერვაციის რეჟიმზე გასული წლის დეკემბერში გადავიდა. როგორც მაშინ კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელმა BM.GE-ის განუცხადა, ქარხნის ამოქმედება 2022 წლის 1 მარტიდან იგეგმებოდა.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე წელია აგარის შაქრის ქარხანა წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებას სახელმწიფოს ხელშეწყობით ახერხებს, თუმცა კომპანიაში მხარდამჭერ მექანიზმებზე არ საუბრობენ. 2021 წელსაც ქარხანა 1 აპრილს ამოქმედდა.

ცნობისთვის: 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს. ქარხანა, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები