მთავრობამ 2021 წლის აპრილში 10-წლიანი ვადიანობის $500 მილიონის მოცულობის ევრო-ობლიგაციები უნდა დაფაროს. მთავრობას, ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა გზით მოახდენს ამ ვალდებულების დაფარვას. კერძოდ კი, ვალის მომსახურების პირველი ალტერნატივა მისი სრულად დაფარვაა, მეორე ალტერნატივა კი მისი დაფარვა და სანაცვლოდ ახალი ვალის აღება ანუ რეფინანსირებაა.
Bm.ge დღეს დაინტერესდა, მიიღო თუ არა მთავრობამ გადაწყვეტილება, თუ რას გეგმავს ევრობონდთან დაკავშირებით.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, მთავრობა ფიქრობს, რომ ევრობონდის რეფინანსირებას მოახდენს, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა გადაწყვეტილებას გადახედოს და დაფარვაზე იფიქროს.
„ბოლო მომენტამდე ვინახავთ ოფციებს, ალბათ რეფინანსირებას გავაკეთებთ. დასაწყისში ვიხრებოდით დაფარვისკენ, თუმცა გამწვავებული პანდემიის პირობებში, ამ მომენტისთვის რეფინანსირებისკენ ვიხრებით. დრო გვაქვს ჯერ და თეორიულად, შეიძლება გადაწყვეტილებას გადავხედოთ, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ამ ეტაპზე. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ ეფექტურ გადაწყვეტილებას ევრობონდთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.




























