„ვამაყობთ ამ ინვესტირებით და მოგვწონს რაც გავაკეთეთ“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ საპენსიო სააგენტოს მიერ "ნიკორას" ობლიგაციებში 3.5 მილიონის დაბანდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა, „3.5 მილიონი ცოტა იყო“ - განაცხადა მელიქიძემ.
ამასთან, საუბარი, რომ საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებელი რისკის სტრუქტურა არ არის, მისი თქმით ტყუილია.
„ასეთი კარგი და სწორი ინვესტირება ბოლო სამი წლის განმავლობაში არ განგვიხორციელებია, რადგან ობლიგაციებია კარგ, 14,6 პროცენტში. ვამაყობთ ამ ინვესტირებით და მოგვწონს რაც გავაკეთეთ. ერთი ნაკლი ჰქონდა ამ ინვესტიციას, რომ ცოტა იყო, რადგან ის თანხაა ცოტაა იმასთან შედარებით რამხელა აქტივებიც გვაქვს სამართავად ჩაბარებული. სწორედ ეს არის საპენსიო დანაზოგის ამოცანა და მისი ეკონომიკური როლი, რომ გადაცემის არხი კაპიტალის ბაზარი იყოს.
რაც შეეხება საკითხს, რომ საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებელი რისკის სტრუქტურა არ არის, ტყუილია, რადგან არის სრულიად დამოუკიდებელი პირველი, მეორე და მესამე დაცვის ხაზები. იმაზე საუბარი, რომ რაიმე რისკი მოშვებულია ან რაიმე ზედაპირულად ხდება არის საინვესტიციო საქმიანობის არასწორი ხედვა", - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოში ამ დროისთვის არსებული რისკების კონტროლის სტრუქტურა სრულად ემორჩილება რისკის ამღებ სტრუქტურას რაც „აბსოლუტური ნონსენსია.“ მან Bm.ge-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე გაუგებარია რა პრინციპით, რა მეთოდოლოგიით და რა ერთეულებში იზომება ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტირებამდე რისკი, რაც ფონდის მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციაზე კითხვებს აჩენს.
საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო




























