მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპარტამენტების კანონი აფხაზებსა და რუსებს შორის ურთიერთობას გააცივებს" - აფხაზები ახალ კანონს "დამოუკიდებლობის" დაკარგვად მიიჩნევენ

64941c6026d8b
გიგა ბენია
23.06.23 01:05
704
გასული კვირის ბოლოს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე-ფაქტო პრეზიდენტ, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციისგან ბინების შესახებ კანონპროექტების პაკეტი მიიღო. აფხაზური მედია წერს, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ე.წ. დეპუტატების საზაფხულო შვებულებაში გასვლამდე უნდა მიიღონ.

ე.წ. კანონპროექტის მიხედვით, „ბინები“ (ფაქტობრივად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინები) ჩაითვლება არა საცხოვრებელ უძრავ ქონებად, არამედ კომერციულ და, შესაბამისად, გასაყიდ ფართებად. ე.წ. მთავრობის განმარტებით, ეს აფხაზეთს საშუალებას მისცემს მოიზიდოს ინვესტიციები ისე, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას არაფერი დაემუქროს. ასევე, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად გაზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას 2 მლნ კვ. მეტრი ახალი საცხოვრებელი ფართობი, რისთვისაც 300 ჰა მიწა გამოიყოფა. ამასთან, 2025 წლამდე 160 მლრდ. რუბლი უნდა მოიზიდოს, ტურიზმის ბიზნესში კი 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. საბოლოოდ, ცვლილებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცხოელებს უფლება ექნებათ, უძრავი ქონება ააშენონ და შეიძინონ, რასაც ე.წ. ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების ნაწილი და ე.წ. ვეტერანები არ ეთანხმებიან.

„აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიის ფორუმის სახალხო კრების“ განცხადებით, აპარტ-ოტელების კანონის უკან ოლიგარქები დგანან, რომლებიც აფხაზ პოლიტიკოსებთან გარიგებულები არიან.

„აშკარაა რომ ამ გლობალური პროექტების მიღმა, აფხაზეთის სანაპირო ტერიტორიის დე-ფაქტოდ გადაქცევის უკან, ოლიგარქიული და მაფიოზური კასტები დგანან, რომლებიც დიდი ხანია აფხაზეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთსასარგებლო პირობებზე შეთანხმდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული ბინების სისტემა რეალურ საფრთხეს უქმნის აფხაზურ ტურისტულ ბიზნესს, მის კერძო სექტორს, რომელშიც ხალხი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა თავის პოტენციალს“, - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც დასძენენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში საეჭვო ბიზნესების რაოდენობა იზრდება:

„რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ეკონომიკის ბევრი წარმომადგენელი იწყებს თავისი საეჭვო კაპიტალის ინვესტირებას აფხაზეთის ბაზარზე, სადაც საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ხარვეზია აფხაზეთის ეროვნული ბუნებრივი რესურსებისა და აქტივების ექსპროპრიაციისთვის“.

ასლან ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრიც გამოეხმაურა. თენგიზ ჯოპუას თქმით, აპარტამენტების კანონი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მოსახლეობას საკუთარ მიწაზე წვდომის საშუალებას მოუსპობს:

„ეს ისევე აშკარაა, როგორც აშკარაა კოლოსალური დისბალანსი აფხაზეთში კომფორტულ საცხოვრებელ ზონასა და რუსული კაპიტალის საინვესტიციო შესაძლებლობებს შორის. აფხაზეთში მიწა ცოტაა, რუსული ბიზნესის საფულე კი ძალიან მძიმეა. გასაგებია რუსული კაპიტალის ინტერესები, მაგრამ გაუგებარია აფხაზი და რუსი პოლიტიკოსების ახლომხედველობა. მიწა იმაზე უფრო სწრაფად გაიყიდება, ვიდრე ხელშეკრულებები ქაღალდზე გაფორმდება“,- აცხადებს თენგიზ ჯოპუა.

მისი განცხადებით, აპარტამენტების შესახებ კანონი და უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა, აფხაზ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს.

„აფხაზებს მიწის გარდა სხვა არაფერი გვაქვს, თუმცა ამის აღქმა დაბლაგვებულია დღეს არსებული უიმედობისა და დაღლილობის გამო. ხვალ კი, როცა ამ ხალხისა და მათი შვილების თვალწინ მრავალ მეტრიანი ღობეები ამოიზრდება, ისინი დაიწყებენ დამნაშავეების ძებნას; დაიწყებენ და მალევე იპოვიან მათ, რომლებმაც ამ კანონს ხმა მისცეს და მათ გამოაცხადებენ ერის ინტერესების მოღალატეებად. ურთიერთობები რუს და აფხაზ ხალხებს შორის კი ისეთი სისწრაფით დაიწყებს გაცივებას, რომ არანაირი შეთანხმება და ფინანსური ინიექციები არ უშველის“, - აღნიშნავს თენგიზ ჯოპუა.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ახრა არისტავას თქმით, აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებით აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს ზიანი მიადგება.

„არც ერთი მთავრობა, არც ერთ ქვეყანაში არ დაუშვებს თავისი მოსახლეობის ოდენობის უცხოელს მიჰყიდოს საცხოვრებელი სახლები. თურქები 80 მილიონ უცხოელს არ მიჰყიდიან საცხოვრებელს, თუნდაც ეს უცხოელები აზერბაიჯანიდან იყვნენ. ქართველები არ მიყიდიან სახლებს და არ შეუშვებენ საქართველოში 3 მილიონ უცხოელს, ესპანელები არ მიყიდიან 45 მლნ აპარტამენტს თუნდაც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს. არ გაყიდიან, რადგან ეს გამოიწვევს სახელმწიფო კონტროლის სრულ დაკარგვას მიგრაციულ და ეროვნულ პოლიტიკაზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები