მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის“ შემოღება ბაზარს ₾300 მილიონით გაზრდის - ონოფრიშვილი

6446de9b6f10d
ალა ისპირიანი
25.04.23 00:35
1031
სადაზღვევო სექტორი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა, შემდგომ მისი განხილვა შეჩერდა. უახლოეს მომავალში, იგეგმება კანონის გადამუშავებული ვერსიის პარლამენტში ინიცირება. აღნიშნული კანონის მიღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. იგეგმება, რომ ზემოხსენებული დაზღვევის ფლობის ვალდებულება ძალაში 2024 წლიდან შევა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, BMGTV-ის გადაცემაში „წერტილი“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ბაზარს 300 მილიონი ლარით გაზრდის.

„მთლიანობაში ბაზარი მდგრადია, უბრალოდ ამ ბაზარს ახალი სადაზღვევო პროდუქტები ესაჭიროება, რომელიც მსოფლიოში უკვე განვითარებულია - ასეთია ორი მთავარი სადაზღვევო პროდუქტი, სიცოცხლის დაზღვევა და ავტომობილის მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.

ავტომობილის მფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ბაზარს 30%-მდე გაზრდის, რაც ცხადია ბევრს ნიშნავს და ბაზრისთვის ახალი სტიმული იქნება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდულ პრემიებს, რომელიც 2022 წლის მდგომარეობით 910 მილიონ ლარს შეადგენს, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, ამ რიცხვს 300 მილიონით გაზრდის.

შეგახსენებთ: საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარადგინეს. მიღებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემია 18%-ით, 910 მილიონ ლარამდე გაიზარდა წინა წელთან შედარებით. წინა წელთან შედარებით, მცირედით იკლო წმინდა მოგებამ და გასულ წელს არსებული 40 მილიონი ლარიდან 39.2 მილიონ ლარამდე შემცირდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები