მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2022 წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის - ონოფრიშვილის შეფასება

6446ce0aa5c7a
ალა ისპირიანი
24.04.23 22:35
773
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 2022 წელი პოსტპანდემიური, თუმცა მაინც მდგრადი იყო. მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მიუხედავად მდგრადობისა ბაზარს ახალი სადაზღვევო პროდუქტები ესაჭიროება.

„2022 წელი განსაკუთრებულად გამორჩეული 2021 წლისგან არ ყოფილა. თითქმის 3 წელი პანდემია იყო და პანდემიური წლიდან გამოსვლა სწრაფად ვერ მოხერხდებოდა. ბაზარი არ შემცირებულა, მატებაა და 2020, 2021 და 2022 წლები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ჯამური კაპიტალი მცირედით მაინც გაზრდილია.

მთლიანობაში ბაზარი მდგრადია უბრალოდ ამ ბაზარს ახალი სადაზღვევო პროდუქტები ესაჭიროება, რომელიც მსოფლიოში უკვე განვითარებულია - ასეთია ორი მთავარი პროდუქტი, სიცოცხლის დაზღვევა და ავტომობილების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა.

ავტომობილების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოსვლა ბაზარს 30%-მდე გაზრდის, რაც ცხადია ბევრს ნიშნავს და ბაზრისთვის ახალი სტიმული იქნება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდულ პრემიებს, რომელიც 2022 წლის მდგომარეობით 910 მილიონ ლარას შეადგენს, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, ამ რიცხვს 300 მილიონით კიდევ გაზრდის.

შეგახსენებთ:საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარადგინეს. მათი მიხედვით, გასული წლის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემია წლიურად 18%-ით, 910 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირედით იკლო ჯამურმა მოგებამ და ის გასულ წელს არსებული 40 მილიონი ლარიდან 39 მილიონ ლარამდე შემცირდა.

სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი პრემია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მოიზიდა, რომელმაც შემოსავალი 140 მილიონიდან 165 მილიონ ლარამდე გაზარდა. "ჯიპიაის" წმინდა მოგებამ კი 3.6 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების მხრივ პირველ ადგილზეა “თიბისი დაზღვევა”, რომელმაც გასულ წელს 15.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. 18 კომპანიიდან 12-მა 2022 წელი მოგებით დაასრულა, ხოლო 6 სადაზღვევო კი ზარალზე იყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები