მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილები გაზზე პრაქტიკულად აღარ გადაჰყავთ, სფერო გაჩერებულია"

6200e69abe4ff
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.22 09:40
3469
თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2021 წელს თხევად გაზზე მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით განახევრებული იყო.

BM.GE-სთან საუბრისას ნიკა ხოფერია მოთხოვნის შემცირების ფაქტორებს განმარტავს და აცხადებს, რომ 2021 წელს თხევადი გაზის გაძვირების გარდა, მოთხოვნის შემცირებაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდა.

„2019 წლამდე თხევად გაზზე მოთხოვნა მზარდი იყო, 2020 წელს კი შემცირება დაიწყო, ვინაიდან ამ წელს ქართულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად (თხევად გაზზე ორეტაპიანი აქციზის გადასახადის გაერთიანება და ნულოვანი აქციზის გაუქმება მის კონკრეტულ სასაქონლო კოდზე), რომელიც არ იყო სამართლიანი, პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. ფასის ზრდის გათვალისწინებით, 2021 წელს მასზე მოთხოვნა დაახლოებით 45-50%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით“, - განმარტა ნიკა ხოფერიამ.

ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში თხევად გაზზე მანქანები ფაქტობრივად აღარ გადაჰყავთ და ეს სფერო გაჩერდა.

„მაგალითისთვის 2019 წელს 25 000 თხევადი გაზის აპარატურა შემოვიდა, 2020 წელს კი არც ერთი არ შემოსულა. რაც შეეხება გასულ წელს, თხევადი გაზის აპარატურის ნაწილების იმპორტი ძირითადად არსებული დამონტაჟებული აპარატურის სარემონტო მიზნებისთვის განხორციელდა. თხევად გაზზე მანქანების გადაყვანის სფერო გაჩერდა“, - აღნიშნა თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო ბაზარზე თხევადი გაზის გაიაფება ქართულ ბაზარზე მყისიერად აისახა და მისი სარეალიზაციო ღირებულება 25%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები