თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს სწორი ხედვები აქვს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ახალი მინისტრისგან ყველა ელის სიახლეს.
„ჩვენ წინა მინისტრის მართვის კმაყოფილიც ვიყავით, ვინაიდან ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ კლინიკურ მართვას ეხებოდა, წინა მინისტრის დროსაც კარგად მართული იყო, მაგრამ ბუნებრივია, რომ ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს. ახალი ცოცხი კარგად გვის, მითუმეტეს, რომ ახალ მინისტრს მენეჯერის და ფინანსისტის ძალიან კარგი ბექგრაუნდი აქვს. თუ მას ეყოლება კარგი მრჩევლები წმინდა სამედიცინო საკითხებში და დღეს ასეთები ჰყავს, მაგალითად თამარ გაბუნიას და წამყვანი კლინიცისტების სახით, ის ამჟღავნებს იმას, რომ მან მოუსმინოს ყველა კომპეტენტურ ადამიანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ახალი მინისტრი სწრაფად უღებს ალღოს რა არის პრიორიტეტული და რა არის მნიშვნელოვანი.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დეკემბრის ბოლოს დანიშნა.




























