მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბიზნესს ტექნოლოგიური გადაიარაღება მოუწევს" - ექსპერტი

62a383dd8a368
თამთა ჯიჯავაძე
10.06.22 22:20
1169
მთავრობა, კერძოდ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს. პროექტი დამატებით სალიცენზიო პირობებს ითვალისწინებს, რომელიც ბიზნესმა უნდა დააკმაყოფილოს.

„კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს მწარმოებლების მხრიდან დაბინძურების პრევენცია, ხოლო სადაც შეუძლებელია აღმოფხვრა, იქ უზრუნველყოს ემისიების შემცირება და ასევე პრევენციასა და შემცირებაზე კონტროლი. ეს ეხება ძირითადად მძიმე მრეწველობას, ძირითად დამაბინძურებლებს, მაგალითად, ნარჩენების მართვა, თბოელექტროსადგურები, ცემენტის და გაჯის წარმოება და მეტალურგია“, - განაცხადა გადაცემა „საქმის კურსში“ გარემოს დაცვით საკითხებში ექსპერტმა, გივი კალანდაძემ.

ახალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბიზნესს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სექტორებს წარმოადგენს, შესაბამისი ტექნოლოგიური გადაიარაღება მოუწევს, რაც გივი კალანდაძის თქმით, დიდ ინვესტიციებს საჭიროებს.

„გააჩნია წარმოებას, ამჟამად რა ტექნოლოგიები აქვს და როგორ ართმევს თავს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. თუ მას მოძველებული ტექნოლოგიები აქვს, მისი გადაიარაღება საკმაოდ ძვირი დაჯდება, ვინაიდან მაგალითად, ფილტრების დაყენება იაფი არ არის“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წარმოების მოსამზადებლად საჭირო იქნება მომსახურე პერსონალის გადამზადებაც, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური მონიტორინგის სამსახური უნდა შეიქმნას, რომელიც ბიზნესს შეამოწმებს. „მათაც მოუწევთ სერიოზული კურსების გავლა იმისათვის, რომ შეძლონ საწარმოების ინსპექტირება და მონიტორინგი“, - ამბობს ექსპერტი გარემოს დაცვით საკითხებში და დასძენს, რომ კანონპროექტზე მუშაობის დასასრულებად საჭიროა ინტენსიური ერთობლივი მუშაობა სამინისტროსა და ბიზნესს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები