წყალტუბო რეზორტის დამფუძნებელი ანდრო ჯიშკარიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ სახმელეთო საზღვრის ცალმხრივი ჩაკეტვა შემომყვან ტურიზმს პრობლემებს უქმნის, რადგან ამ ქვეყნიდან საკმაოდ ბევრი ვიზიტორი შემოდიოდა.
“შემომყვანი ტურიზმი დღეს პრობლემების წინაშეა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი დღემდე დაკეტილია. ეს ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სასტუმროსთვის. ასევე, შავი ზღვის კურორტებისთვის.
ამას გარდა, ფრენების რაოდენობა კი აღდგა, თუმცა მიმართულებები სრულად ჯერ არ აღდგენილა. ტურისტების ძირითადი ნაკადი ისევ არაბული ქვეყნებიდან შემოდის. ეს ჩვენს შემთხვევაში არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან ისინი ძირითადად ბათუმით და თბილისით არიან დაინტერესებულნი და წყალტყბო მათ ინტერესის არეალში არ ხვდება. ასევე, ევროპიდან ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა”,-აცხადებს ჯიშკარიანი.
პანდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით აზერბაიჯანთან საჰაერო მიმოსვლა უწყვეტად ხორციელდება.




























