მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანში იმყოფება - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირი?

BMG

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს და მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილის შეხვდა.

„შეხვედრების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. ვისაუბრეთ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, გაზრდილი ტვირთების ტრანსპორტირების ფონზე და მზაობა გამოვხატეთ ხელი შევუწყოთ აღნიშნული დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობით, საშუალება გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეგიონების დასაკავშირებლად, დაინტერესებულ მხარეებს შევთავაზოთ გლობალურ ბაზრებთან დაკავშირება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილმა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევსაც შეხვდა.

ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურთან ერთად სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა ნამდვილად მჭიდროა, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს.

ვაჭრობა

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 3 თვეში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირდა, აზერბაიჯანი კვლავ რჩება უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების ხუთეულში, თუმცა ბოლო ადგილზე 6.4%-ის წილით.

წელს, საქართველო-აზერბაიჯანის ვაჭრობამ 298.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 378.4 მლნ აშშ დოლარი.

წელს, საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში $134.5 მლნ იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 25.5%-ით ნაკლებია.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წლის I კვარტალში:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $48.4 მლნ;
  2. თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $13.9 მლნ;
  3. სატვირთო ავტომობილები - $9.08 მლნ;
  4. ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 6.3 მლნ;
  5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5.4 მლნ.

აზერბაიჯანიდან იმპორტი 2024 წელს 16.8%-ით შემცირდა. 2023 წელს იმპორტის მაჩვენებელი 197.7 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს კი, 164.4 მლნ აშშ დოლარია.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის I კვარტალში:

  1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - $92.8 მლნ;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $23.07 მლნ;
  3. ცემენტი - $9.9 მლნ;
  4. მსუბუქი ავტომობილები - $5.1 მლნ;
  5. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $2.8 მლნ.

FDI

აზერბაიჯანიდან საქართველომ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2016 წელს მიიღო, 555.1 მლნ აშშ დოლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან 53.2 მლნ-ს ინვესტიცია შემოვიდა, 2022 წელს კი, მხოლოდ 1.7 მლნ.

ტურიზმი

სავაჭრო ბრუნვის მსგავსად, აზერბაიჯანი ტურიზმშიც მეხუთე ადგილზეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკით, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 2023 წელს 199 835 შეადგინა, რაც 30.6%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. 2019 წლის მაჩვენებელს კი 86.9%-ით ჩამოუვარდება.

კლება სავარაუდოდ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დაკეტვითაა განპირობებული. შეზღუდვა 2022 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს.

ფულადი გზავნილები

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით აზერბაიჯანი მეთორმეტე ადგილზეა $4.19 მლნ-ით;

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში აზერბაიჯანიდან 3.5 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა. აზერბაიჯანში კი 3 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები