დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის შენობაში, დღეიდან ოფიციალურად განახლებული „ბაზარი ორბელიანზე“ ამოქმედდა.
პროექტ გახსნის ცერემონიაში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავაც მონაწილეობდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 19 მლნ ლარის ღირებულების პროექტი პროგრამით „აწარმოე საქართველოშის“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მიზნით დაახლოებით 3 მლნ ლარის თანხის ოდენობით დაფინანსდა. მინისტრმა ახალი ბაზრის გასტრო-ტურისტულ მნიშვნელობაზე შეაჩერა ყურადღება.
„ამიერიდან ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული მოსავალი, ქართული, უგემრიელესი პროდუქცია შეიძინონ, არამედ ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, ტურისტებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ, გაატარონ აქ დრო, გაეცნონ ქართული კულინარიის, სამზარეულოს საიდუმლოებებს, თავისი ხელით ამოავლონ ჩურჩხელა, გამოაცხონ შოთის პურები და დააგემოვნონ არაჩვეულებრივი ქართული კერძები.
პროექტში დღეისთვის დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, უახლოეს პერიოდში კი კიდევ უფრო მეტი დასაქმდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავა აღნიშნა, მისთვის საამაყოა ფაქტი, რომ აქ წარმოდგენილი 300-ზე მეტი ფერმერებისა და წვრილი მოვაჭრეების უდიდესი ნაწილი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ. „ეს იმის საუკეთესო დასტურია, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი დახმარება, სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან ეფექტურია. და რაც მთავარია, წარმოდგენილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ეგზოტიკური ხილიც კი საქართველოშია მოყვანილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ცნობისთვის: პროექტს „ბაზარი ორბელიანზე“ კომპანია „მერკადო“ ახორციელებს. განახლებული ისტორიული ბაზარი სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზარს და კვების სივრცეებს მოიცავს. 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი იყიდება. ასევე წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, სხვადასხვა კუთხის, ისე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტი.




























