მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინი" ტარიფების ცვლილებების შესახებ განცხადებას აკეთებს

როგორ შეიცვალა ბილაინის ტარიფები
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.23 17:53
2128

“ვიონი საქართველოს” მომხმარებლებმა დღეს კომპანიისგან სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიღეს შეტყობინებები. კომპანიის განცხადებით, უქმდება ამჟამად არსებული ძირითადი სააბონენტო ტარიფების აქტივაცია. კომპანიის ინფორმაციით, იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე აქვთ აღნიშნული ტარიფები გააქტიურებული, მათთვის ტარიფების შენარჩუნება მოხდება, თუმცა სხვა აბონენტებს მათი აქტივაცია არ შეეძლებათ.

კომპანიის ინფორმაციით, განახლებულ სატარიფო გეგმებს 5 აპრილიდან წარადგენენ.

როგორ იცვლება ბილაინის ტარიფები?

“გაცნობებთ, რომ 5 აპრილიდან უქმდება შემდეგი ტარიფების აქტივაცია: ყვითელი მაქსი, მწვანე მაქსი, ლურჯი მაქსი, წითელი მაქსი.

იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩართული გაქვთ ამ ტარიფებიდან ერთ-ერთი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ მის გამოყენებას. ვადის გასვლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს ტარიფის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა ტარიფის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას ტარიფის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება ტარიფის დეაქტივაცია, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი ტარიფების ჩართვა აღარ იქნება შესაძლებელი.

განახლებულ სატარიფო გეგმებს გთხოვთ გაეცნოთ კომპანიის ვებგვერდზე 5 აპრილიდან,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კიდევ ერთი შეტყობინება, რაც დღეს კომპანიის მომხმარებლებმა მიიღეს ერთთვიანი სერვისების აქტივაციას უკავშირდებოდა. კომპანიის ინფორმაციით, ისინი ამ სერვისების მიწოდებას აჩერებენ.

“გაცნობებთ, რომ 5 აპრილიდან უქმდება აპლიკაციის ერთთვიანი შეთავაზებების აქტივაცია: მუსიკა + 3GB 7 ლარად, 80GB 20 ლარად, 10GB 12 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩართული გაქვთ ამ პაკეტებიდან ერთ-ერთი, გააგრძელებთ მათ გამოყენებას ვადის გასვლამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ მოხდება მისი დეაქტივაცია.

14 და 1 დღიან აპლიკაციის შეთავაზებებზე იცვლება აქტივაციის საფასური. 5 აპრილიდან 14 დღიანი 60GB-ის ღირებულება იქნება 10 ლარი, ხოლო ერთდღიანი 30GB-ის საფასური - 2 ლარი.

აპლიკაციის განახლებულ შეთავაზებებს გთხოვთ გაეცნო აპლიკაციაში 5 აპრილიდან,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ვიონი საქართველოს” 1.32 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მათ რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 50 ათასით არის გაზრდილი.

2022 წელს “ვიონი საქართველოს” მფლობელი შეიცვალა. კომპანია ქართულმა CBS ჰოლდინგმა შეიძინა, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

1 მარტიდან კომპანიას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე ვასილ ბერიშვილი დაინიშნა, რომელიც 2015 წლიდან ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები