მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი ვერ აანალიზებს, რას გამოიწვევს ეკონომიკური შოკი ფიქსირებული კურსის დროს" - გვენეტაძე

613b3b67ba34e
შოთა ტყეშელაშვილი
10.09.21 22:20
1441
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ქვეყანაში არსებული სავალუტო რეჟიმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობაა ის, რომ კრიზისის დროს მცურავი გაცვლითი კურსი ბუფერის როლს ასრულებს და ეკონომიკაზე დარტყმას ამსუბუქებს. გვენეტაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფიქსირებული კურსი იქნება, მაშინ კრიზისების მიმართ ეკონომიკის მოწყვლადობა გაიზრდება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან ფიქსირებული კურსის შენარჩუნების შესახებ მოწოდებების მიუხედავად, ბიზნესი "ვერ აანალიზებს" თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული აღნიშნული სავალუტო რეჟიმი.

"შეხვედრები დრო და დრო ნამდვილად ხდება და ეს აუცილებელია, ბიზნესთანაც მუდმივად გვაქვს შეხვედრები. კურსთან დაკავშირებით არაერთხელ აგვიხსნია ბიზნეს ასოციაციისთვისაც. როდესაც ასეთი შოკი ხდება, შეუძლებელია, რომ კურსმა კორექტირება არ განიცადოს. იმ შემთხვევაში თუ კურსი დაფიქსირებული იქნება, მაშინ ის დანაკარგი, რაც საგარეო სექტორიდან ქვეყანამ განიცადა და ამ შემთხვევაში დაახლოებით 3 მილიარდზე ვსაუბრობთ, უნდა გაკეთდეს იმის საფუძველზე, რომ მოთხოვნა შემცირდეს, ან განაკვეთი ძალიან უნდა გაიზარდოს. Fitch-ის შეფასება იყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც აქვს ქვეყანას კრიზისებთან მიმართებაში, ეს არის მცურავი გაცვლითი კურსი. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენები ხდება, კურსმა კორექტირება უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც ინფლაციურ მოვლენებზე ახდენს ეს გავლენას ჩვენი მიდგომა არის სხვანაირი. მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ $916 მილიონი გავყიდეთ. წელსაც გავყიდეთ რესურსი. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობამ შეუწყოს ხელი ინფლაციის და ფასების შემცირებას. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა გაცვლითი კურსი, მაგრამ საწვავის ფასები გაიზარდა. ანუ არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ახდენს გავლენას ფასებზე,"- აცხადებს კობა გვენეტაძე.

კითხვა: ბიზნესი თქვენგან ფიქსირებულ კურსს ითხოვს?

პასუხი: "დიახ ძალიან ხშირად. მათთვის უმჯობესი იქნება რომ კურსი იყოს ფიქსირებული, თუმცა ეკონომიკისთვის, როდესაც ასეთი შოკი მოხდება და ასეთი დიდი თანხა დაახლოებით ეკონომიკის 19% არ შემოვა, ასეთ დროს რას ნიშნავს ფიქსირებული კურსი, ამის გაანალიზება სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყველა მიუკერძოებელი შეფასებით, მცურავი გაცვლითი კურსი, როდესაც ქვეყანაში მაღალი დოლარიზაციაა, ქვეყანას აძლევს ეკონომიკური ზრდისთვის დაბრუნების შესაძლებლობას.

რა თქმა უნდა ბიზნესის მოსაზრება აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ არ უნდა გაკეთდეს იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკას კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს,"- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები