„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერის მიერ ფასების კონტროლთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გადაცემა “ანალიტიკაში” აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული და მისი რაიმეში დადანაშაულება აზრს მოკლებულია.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სისტემური ცვლილებებია საჭირო, რათა ბიზნესმა ჯანსაღად ოპერირება შეძლოს.
“არ მესმის რას ნიშნავ ბიზნესის არაკეთილსინდისიერი ქცევა, ბიზნესი საბოლოო ჯამში მოგებაზეა ორიენტირებული. ბიზნესის ერთადერთი ფუნქციაა ის, რომ არსებული რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს და ამით მოგება თვითონაც ნახოს. ბიზნესს სხვა შინაარსი არ აქვს. ბიზნესის რაიმეში დადანაშაულება აზრს მოკლებულია. შესაძლოა, სისტემა გქონდეს მოწყობილი, რომლითაც გარკვეული ტიპის ბიზნესმა ისარგებლოს და მოგება ნახოს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს სისტემის ბრალია და არა ბიზნესის.
მაგალითად, საქართველოში კომერციულ ბანკებს ხშირად აკრიტიკებენ, რომ მათ წლის განმავლობაში დიდი მოგება ნახეს. ისინი დიდ მოგებას ნახულობენ არა იმის გამო, რომ რაღაცას არასწორად თვითონ აკეთებენ, არამედ იმის გამო, რომ სისტემაა ისე მოწყობილი, რომ ის საშუალებას აძლევს მათ დიდი მოგება ნახონ. ეს ძირითადად ცენტრალური ბანკის გარშემო მოწყობილი სისტემის ბრალია. ბაზარი მეტად უნდა განთავისუფლდეს და გაცილებით მეტ ადამიანს უნდა შეეძლოს ამ ბაზარზე თავისუფლად, გარკვეული ბარიერების გარეშე შევიდეს”, - განმარტავს ჯაფარიძე.
„უნდა მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა. მინისტრებო დაიბარეთ მსხვილი იმპორტიორები,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან სურსათისა და ნავთობის იმპორტიორები ფასების განგებ გაზრდასა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა.