მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესის წარმოება უკრაინაში დღეს სავსეა გამოწვევებით" - ინტერვიუ ანნა დერევიანკოსთან

625ad47a6c217
BM.GE
16.04.22 18:48
930
"ანალიტიკამ" ინტერვიუ ჩაწერა ანნა დერევიანკოსთან, რომელიც EBA უკრაინა-ს წარმოადგენს. ის ინტერვიუში საუბრობს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს, ომის პირობებში ბიზნესსაზოგადოება და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ბიზნესის წარმოება ქვეყანაში, რომელიც აგერ უკვე 52-ე დღეა აგრესორს უმკლავდება. 

"ბიზნესის წარმოება დღეს უკრაინაში სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ამის მიუხედავად, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბევრმა ბიზნესმა მაინც შეძლო და აგრძელებს საქმიანობას უკრაინაში. ერთადერთი რისკი, რაც ამას ხელს უშლის, ეს დაბომბვის რისკია. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არსებობენ ბიზნესები, რომლებმაც საქმიანობის გაგრძელება ვერ მოახერხეს, მაგრამ უმრავლესობა ცდილობს, შექმნილ ვითარებას მოერგოს.

აუცილებელი ბიზნესები, რომლებიც ვალდებულები არიან, გააგრძელონ ოპერირება, ძირითადად კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან არიან დაკავშირებული. აქ ჩვენ ვსაუბრობთ საბანკო სექტორზე, ტელეკომუნიკაციებზე და ლოგისტიკაზე, მათ უნდა გააგრძელონ ოპერირება იმისთვის, რომ შეინარჩუნონ სიცოცხლე და დასახლებული პუნქტების ფუნქციონირება.

რაც შეეხება სხვა ბიზნესებს, თუ მათ აქვთ ონლაინ გადაწყობის შესაძლებლობა, ასეც იქცევიან; თუ მათ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად სხვა რეგიონში გადავიდნენ, სადაც ნაკლებად მძიმე მდგომარეობაა, ასეც იქცევიან. ვისაც ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ აქვს, მათ საქმიანობას მართლაც რეალური რისკი ექმნება. ბიზნესის წარმოების კუთხით ძირითადი პრობლემები მაინც ლოგისტიკას უკავშირდება - სამომხმარებლო ჯაჭვების, ლოგისტიკური ჯაჭვების რღვევას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე, რასაც თავის მხრივ უარყოფითი გავლენა აქვს ბიზნესზე.

რომ შევაჯამოთ, კომპანიები ცდილობენ, მოერგონ შემქნილ ვითარებას. პირველი კვირები ძალიან მძიმე იყო, ვიტყოდი, შოკისმომგვრელიც, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ, ბიზნესებმაც დაიწყეს გადაწყობა და ახალ რეალობასთან შეგუება იმისთვის, რომ წინ წავიდნენ.

როცა ბიზნესს ეკითხებით, რა სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ სრულფასოვნად ოპერირება შეძლონ - პირველი პასუხია, რომ გვჭირდება მშვიდობა. და ეს ასეცაა, რადგან ბიზნესი, რომელიც მაგალითად მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ფლობდა ან საჭირო ინფრასტრუქტურას - დღეს ეს ქონება უბრალოდ განადგურებულია. მეტიც, რთულია მისი აღდგენა იმ პირობებში, როდესაც არ იცი, ჭურვი ისევ დაეცემა თუ არა. ამდენად, ბიზნესისთვის ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის და უკრაინელი ხალხისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი მშვიდობის აღდგენაა.

მეორე ამოცანა ლოგისტიკის გამართვაა. აქ აუცილებელია ბიზნესმა მთავრობასთან ერთად კოორდინირებულად იმუშაოს. მესამე და ეს მჭიდრო კავშირშია მეორე გამოწვევასთან, მთავრობასა და ბიზნესს შორის თანმიმდევრული და სტაბილური კომუნიკაციაა. აქ მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობას, კონკრეტულად პრეზიდენტს და მის გუნდს - უწყვეტი კომუნიკაციისთვის და თითქმის ყოველდღიური უკუკავშირისთვის მათ შორის ბიზნესთანაც. დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, მთავრობამ იცოდეს, რაც ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე ბიზნესი და ასევე, ბიზნესმა იცოდეს, რას გეგმავს მთავრობა.

მეოთხე, მნიშვნელოვანია ფინანსებთან წვდომა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია უკრაინის ბაზარზე თამაშის წესების გამარტივება და სულ მალე საგადასახადო სისტემაში ჩვენ ამ ცვლილებებს დავინახავთ. ასევე მნიშვნელოვანია და ჩვენ ამასაც ვაკვირდებით, რომ მთავრობამ ბიუროკრატიული გადაწყვეტილებები უცებ მიიღოს და ეს ტემპი შესანარჩუნებელია. იმედი გვაქვს, ეს ტემპი მას შემდეგაც შენარჩუნდება, რაც ომი დასრულდება. მთავარი აქ ის არის, რომ ბიზნესის გამართული მუშაობა, ადამიანების გამართულ ფუნქციონირებას ნიშნავს. ზოგ ბიზნესს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით შეინარჩუნოს დასაქმებულები, ამიტომ მათი მხარდაჭერა დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია"-აცხადებს ანნა დერევიანკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები