მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს ადრე თუ გვიან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მაინც მოუწევს" - დეპუტატი ფასების რეგულირებაზე

63f473d70b67d
ალა ისპირიანი
21.02.23 11:00
752
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ,ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს მოამზადებს. პრემიერის თქმით, იმპორტიორებს განსაზღვრული მარჟები და ფასნამატები ექნებათ. ასევე რიტეილს თავისი განსაზღვრული წესები ექნება. რაც შეეხება საწვავს, პრემიერი ფასების კიდევ უფრო კლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექტორს რეგულირების შესახებ აფრთხილებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ფასების “რეგულირებისთვის” ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა, მაგრამ ამჟამად უცნობია, რას ნიშნავს “ფასების დარეგულირება”, რადგანაც სახელმწიფოს კერძო ბიზნესისთვის კონკრეტული საფასო ჩარჩოების და ლიმიტების დადგენა არ შეუძლია, ისევე როგორც არ შეუძლია კერძო ბიზნესს მოგების მარჟები განუსაზღვროს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივის (DIRECTIVE (EU) 2019/633) შესაბამისი უნდა იყოს. გაირკვა, რომ ევროდირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის ბიზნესის მიმართ მბრძანებლური ტონი დაუშვებელია.

„წარმოუდგენელია ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ასეთი ფორმით ცდილობს ბიზნესში ჩარევას, რომ მათ მბრძანებლური ტონით უთხრას, რომ ფასები შეამცირონ“, - თქვა მან.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - "შეიძლება, რომ ბიზნესმაც იცის, ვინ არის პრემიერ-მინისტრის მთავარი ადრესატი, ამიტომაც არ შედის მთავრობასთან დაპირისპირებაში" - ბექა ლილუაშვილმა თქვა, რომ ბიზნესს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მაინც მოუწევს.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება ფიქრობდეს, რომ რეალურად ფასების დარეგულირებაზეა საუბარი და ხელისუფლების მხრიდან ეს კარგი ნაბიჯია, რადგან ინფლაციას რამით დაეხმარება. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხელიდან შანსს არ უშვებს, რომ პოპულისტურად დააყენოს ეკონომიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. რეგულირების კანონპროექტზე ჯერ არ გვაქვს ხედვა, რადგან მთავრობას პარლამენტში არ წარმოუდგენია რა კანონპროექტზეა საუბარი, მაგრამ ვიცით მესიჯები, რასაც მუდმივად აგზავნიდა პრემიერ-მინისტრი ბოლო რამდენიმე მთავრობის სხდომის განმავლობაში, რომელიც ეკონომიკური გადმოსახედიდან მუქარას შეიცავდა. წარმოუდგენელია ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ასეთი ფორმით ცდილობს ბიზნესში ჩარევას, რომ მბრძანებლური ტონით უთხრას, ფასები შეამცირონ. ბიზნესი ამ ქვეყანაში ყოველთვის თამაშობდა ასეთი ტიპის მოცემულობების შეცვლაში გადამწყვეტ და მნიშვნელოვან როლს და ბიზნესს ადრე თუ გვიან მოუწევს თავისი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

იგი განმარტავს, რომ აღნიშნულ რეგულაციას ევროკავშირის დირექტივა არ მოიცავს და იგი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება.

„როდესაც ხელისუფლება გამოდის და პოზიციონირებს, რომ ამ რეგულაციას ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე აკეთებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის არ მოიცავს ამ კონკრეტულ დირექტივას. იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რაც ევროკავშირის დღის წესრიგით გვაქვს გათვალისწინებული და დავანებოთ დროებით იმ დირექტივებს თავი, რომლის დანერგვაც ევროკავშირის ახლანდელი სახელმწიფოებისთვისაც კი საკმაოდ რთულია.

ამ დირექტივის მთავარი ამოსავალი წერტილი, როდესაც ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის იქმნებოდა, იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ფერმერების ინტერესები ეკონომიკურ ურთიერთობაში დაეცვა და დირექტივის არცერთ ეტაპზე ერთი სიტყვა არ არის ნახსენები სამომხმარებლო თვალსაზრისით ფასების შემცირების მოტივზე. ამ დირექტივას მსგავსი მოტივაცია არ და ვერ ექნება. ეს იმ მოცემულობაშია მნიშვნელოვანი დირექტივა, როდესაც ქვეყანაში გაქვს სერიოზული რესურსები, სასოფლო-სამეურნეო საწარმო სიმძლავრეები და ამ თვალსაზრისით შენი ფერმერები იჩაგრებიან, რისი მოცემულობაც ჩვენს რეალობაში არ არის“, - აცხადებს ლილუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები