მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრძოლა გრძელდება, სიმართლე დადგინდება" - ჯაფარიძე სასამართლოს განაჩენზე

61de81da8fb9a
დავით ჯალაღონია
12.01.22 11:22
577
"თიბისის" დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

"ეს ბრძოლა ღირს იმისათვის, რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობისა, რასაც სჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების, ან რაიმე დანაშაულის, ამიტომ ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ფულის გათეთრების მუხლი და გადააკვალიფიცირა იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით 7 წელი მოგვისაჯა, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობისგან გაგვათავისუფლა.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით - არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება. სიმართლე დადგინდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა.

მათ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა - პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს, თუმცა თაღლითობის მუხლი არის ხანდაზმული, რის გამოც ბრალდებულები თავისუფლები იქნებიან. პროკურატურამ მათ ბრალი 194-ე მუხლით მხოლოდ იმიტომ წაუყენა, რომ ეს მუხლი არ იყო ხანდაზმული და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათ საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდათ, თუმცა ამ მუხლისთვის საჭირო მტკიცებულებათა არარსებობის გამო სასამართლომ სხვა განაჩენი მიიღო.

თავად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ და მისი გაუქმებისთვის იბრძოლებენ.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები